2011 წლის 11 ივლისს საქართველოს საპატრიარქოში წმიდა სინოდის სხდომა გაიმართა, რომლის ოქმს საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:
სხდომის თავმჯდომარე – ილია II – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი;
სხდომის მდივანი – გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) – ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი;
სხდომის თანამდივნები – ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) – ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი;
საბა (გიგიბერია) – ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი.
I. 2011 წლის 5 ივლისს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა კანონი სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ (დანართი №1). სინოდის სხდომაზე გამოითქვა საერთო უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ, მიუხედავად კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებისა, კანონის მიღება მოხდა საქართველოს საპატრიარქოსთან და საზოგადოებასთან წინასწარი კონსულტაციების გარეშე, რაც საქართველოს ეკლესიის სასულიერო პირთა და მრავალრიცხოვანი მრევლის მღელვარების მიზეზი გახდა. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით წმიდა სინოდმა იმსჯელა დად ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს კონსტიტუციის და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ საქართველოში მცხოვრები ყველა რელიგიური აღმსარებლობის ადამიანი, ისევე როგორც რელიგიური გაერთიანებები, თანასწორია კანონის წინაშე. რელიგიური აღმსარებლობების თავისუფლება არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რომელ რელიგიურ გაერთიანებას ეკუთვნის საქართველოს ესა თუ ის მოქალაქე. საქართველოს კონსტიტუციითა და კონსტიტუციური შეთანხმებით, რომლებიც ქართველი ხალხის ნებას გამოხატავს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული სამართლებრივი სტატუსი არ ზღუდავდა სხვა რელიგიურ გაერთიანებათა აღმსარებლობის თავისუფლებასა და კანონის წინაშე თანასწორობას.
2. მიემართოს საქართველოს ხელისუფლებას:
ა) მომავალში რელიგიასთან დაკავშირებული კანონპროექტებისა და სხვა ანალოგიური საკითხების განხილვისას წინასწარი კონსულტაციები გაიმართოს საქართველოს საპატრიარქოსთან, რათა, აღნიშნული თემის სიფაქიზიდან და სპეციფიკურობიდან გამომდინარე, თავიდან იქნეს აცილებული შესაძლო გართულებები;
ბ) დაიწყოს სამთავრობო მოლაპარაკებები ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებულ საქართველოს საპატრიარქოს ეპარქიების სტატუსსა და ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებით;
გ) სახელმწიფომ გაააქტიუროს თავისი საქმიანობა საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული ეროვნული და სულიერი კულტურის ძეგლების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით;
დ) საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და ეკლესიის ავტოკეფალიის დაკარგვის შემდეგ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენამდე განხორციელებული რელიგიური პოლიტიკა და სხვა ქმედებები აღიარებულ იქნეს უკანონოდ;
ე) შეიქმნას კომისია, რომელიც მონიტორინგს გაუწევს კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას;
3. წმიდა სინოდი მოუწოდებს სასულიერო პირებს და მრევლს სიმშვიდისკენ და, მიუხედავად მღელვარების მიზეზებისა, თავი შეიკავონ ყოველგვარი თვითნებური ქმედებებისგან და გააძლიერონ ლოცვა ერის ერთობისა და მშვიდობისათვის.
II. წმიდა სინოდმა მოისმინა მოხსენება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ანტონ II (ბაგრატიონი) ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ და
გ ა ნ ა ჩ ი ნ ა:
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II აღიარებულ იქნეს წმინდანად და ეწოდოს მრავალვნებული ანტონ II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მისი ხსენება დაწესდეს 21 დეკემბერს (ახალი სტილით 3 იანვარი).
ასევე დაიწეროს წმიდანის ხატი და შეიქმნას შესაბამისი საღვთისმსახურო განგება.
III. წმიდა სინოდმა იმსჯელა სასულიერო პირთა მიერ ზნეობრივი ნორმების დარღვევის ფაქტებზე და
გ ა ნ ა ჩ ი ნ ა:
შეიქმნას ზნეობრივი ნორმების დარღვევათა შემსწავლელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
1. სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა);
2. გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი).
საქართველოს საპატრიარქო,
თბილისი,
11.07.2011
საქინფორმი