საქართველო, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. პარლამენტში 18 ოქტომბერს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი არ შედგა, რადგან საჭირო ხმების რაოდენობა ვერ შეგროვდა. პრეზიდენტის იმპიჩმენტს 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი და ერთმა წინააღმდეგ მისცა ხმა. იმპიჩმენტისთვის სულ 100 ხმაა საჭირო, თუმცა მხოლოდ 90 დეპუტატმა გაიარა რეგისტრაცია.
ამ თემაზე პოლიტიკოსების გამოხმაურებებს გთავაზობთ:
კახა კალაძე, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისი მერი: „ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, რომ აღნიშნული საკითხის-იმპიჩმენტის ბოლომდე მიყვანა ჩვენს მოცემულობაში იყო შეუძლებელი. ვფიქრობ, ზუსტად ეს იყო მთავარი მოტივი, როდესაც პრეზიდენტი არღვევდა კონსტიტუციას. ეს ხომ შემთხვევით არ მომხდარა. მას ეს ძალიან კარგად ჰქონდა გააზრებული… მან ძალიან კარგად იცოდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერდა. შეუძლებელია, გავაიგივოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი პრეზიდენტის იმპიჩმენტთან. ნებისმიერი ადამიანი გეტყვით, რომ ეს იყო კონსტიტუციის დარღვევა. თეთრზე შავით წერია, რომ პრეზიდენტი ვალდებულია, მთავრობისგან აიღოს ნებართვა უცხოეთში გამგზავრებასთან დაკავშირებით. ამის დარღვევა არის დანაშაული. პარალელის გავლება ქვეყნის ევროპულ მომავალთან ძალიან სასაცილოა და სიმართლეს არ შეესაბამება“.
ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე: „ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის წევრების უმრავლესობამ დღეს, ოფიციალურად დაადასტურა, რომ სალომე ზურაბიშვილს აღარ მიიჩნევს პრეზიდენტობის ღირსად. შესაბამისად დღეიდან შემდეგი ერთი წლის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილი… მხოლოდ ფორმალურად იქნება საქართველოს პრეზიდენტი. ის იქნება არა საქართველოს, არამედ ნაცმოძრაობის პრეზიდენტი… სალომე ზურაბიშვილმა ომი გამოუცხადა არა ირაკლი კობახიძეს და „ქართულ ოცნებას“, არამედ საქართველოს კონსტიტუციას და სახელმწიფო ინსტიტუტებს. ეს ომი მან წააგო 10:0. რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილი არის 10:0-ზე წაგებული“.
ანრი ოხანაშვილი, „ქართული ოცნება“ დეპუტატი: „ქართული ოცნება“ დასაწყისშივე ამბობდა რომ არ აქვს ხმების ის რაოდენობა, რითიც შევძლებდით იმპიჩმენტის პროცედურის დასრულებას, რათა თანამდებობიდან გადაყენებული ყოფილიყო პრეზიდენტი. შესაბამისად, სამართლებრივად დამდგარია შედეგი, ის არის კონსტიტუციის დამრღვევი, პოლიტიკურად გაშიშვლებულია ნაცმოძრაობის და [სალომე] ზურაბიშვილის კოალიცია. აი, ეს დაადასტურა კიდევ დღევანდელმა დღემ“.
თინათინ ბოკუჩავა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, დეპუტატი: „პროცესი საქართველოს პარლამენტში დასრულდა ივანიშვილის მარცხით, რადგან მან ვერ მიაღწია მთავარ მიზანს, რომ იმპიჩმენტი შემდგარიყო, თუმცა მიაღწია იმას, რომ ქვეყანას მიადგა ძალიან დიდი ზიანი, მათ შორის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესისთვის. იცით რომ გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის შესახებ ევროკომისიამ უნდა მიიღოს სულ რაღაც ორ კვირაში, იცით რომ ჯოზეფ ბორელმა, რომელსაც პირადად შევხვდით, მათ შორის ამ პარლამენტში განაცხადა, რომ იმპიჩმენტის პროცესი ძალიან ნეგატიურად არის აღქმული ბრიუსელში და შესაბამისად, ეს არის წინაღობა ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე. ამაზე ისაუბრა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმაც დღეს და ამ მიზანს მიაღწია ივანიშვილმა, რომ ზიანი მიაყენა ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის ევროპულ არჩევანს“.
გიორგი ვაშაძე, „სტრატეგია აღმაშენებელი“, დეპუტატი: „დამარცხდა „ქართული ოცნება“. გამოიკვეთა, რომ მათ იყიდეს საკონსტიტუციო სასამართლო, ექსპერტები ნაყიდი ჰყავთ, ვინც გარშემო ჰყავთ, მთელი ინსტიტუციები ნაყიდი ჰყავთ და მითვისებული აქვთ თავიდან ბოლომდე… ვინც ვერ გატეხეს არის ოპოზიცია, ასი ხმა არ აქვთ, ეს ფაქტია… ხალხთან ერთად გავიმარჯვეთ დღეს ჩვენ. ამით წერტილი დაესმება ამ ფარს, რომელსაც ჰქონდა ადგილი ორი თვის მანძილზე ქვეყანაში“.
ანა ნაცვლიშვილი, „ლელო საქართველოსთვის“, დეპუტატი: „დღეს, მნიშვნელოვანი ის კი არ არის, პროცედურულად აქ რა როგორ მოხდება, ეს არის პოლიტიკური საკითხი… „ლელოს“ პოზიცია პირველივე დღიდან არის ცნობილი, ჩვენ მიგვაჩნია რომ საქართველოს მშვიდობიანი და სტაბილური მომავლის მთავარი გარანტი არის ვიყოთ ევროკავშირის სანდო პარტნიორების გარემოცვაში“.
თეონა აქუბარდია, „საპარლამეტო პოლიტიკური ჯგუფი „რეფორმების ჯგუფი“: „პირველ რიგში, გაფორმდა პარლამენტში ირაკლი კობახიძის და „ქართული ოცნების“ დამარცხება… რადგან მათ შედეგს ვერ მიაღწიეს და თანამდებობიდან ვერ გადააყენეს პრეზიდენტი, რაც ჩვენი წინააღმდეგობის დამსახურებაა“.
რომან გოცირიძე, საპარლამენტო ჯგუფი „ევროოპტიმისტები“, დეპუტატი: „ქართული ოცნება“ დარწმუნებული იყო იმაში, რომ იმპიჩმენტი შედგებოდა, თორემ ამ პროცესს არ დაიწყებდნენ და ასეთ სასაცილო მდგომარეობაში არ ჩაიგდებდნენ თავს. ფაქტობრივად, განიცადეს სრული მორალური, პოლიტიკური და სამართლებრივი კრახი… ასე რომ ოპოზიციამ გამოავლინა როგორც პოლიტიკური, ასევე ზნეობრივი სიმტკიცე და ჩააბარა გამოცდები“.
ბექა ლილუაშვილი, „საქართველოსთვის“, დეპუტატი: „მნიშვნელოვანი არის ის შედეგი, რაც დადგა. დადგა შედეგი, რომლითაც გაფორმდა, რომ „ქართული ოცნება“ არის ლუზერი. ჩვენდა წილად რაც იყო პოლიტიკური ამოცანა, შეგროვებული არ ყოფილიყო 100 ხმა ეს ამოცანა და მიზანი მიღწეულია“.
თაკო ჩარკვიანი, პარტია „კანონი და სამართალი“: „ეს არ არის ის შემთხვევა ვის მოსწონს და ვის არა სალომე ზურაბიშვილი, ჩვენ პატივი ვეცით საპრეზიდენტო ინსტიტუციას… ახლა მოვუწოდებ მას [პრეზიდენტს], რომ გადარჩა იმპიჩმენტს, ეს ოპოზიციის, საზოგადოების დამსახურებაა და თავადაც სცეს პატივი საპრეზიდენტო ინსტიტუციას და შეეცადოს დეესკალაცია შეასრულოს, ის რაც 12 პუნქტში დასავლელმა პარტნიორებმა მიგვითითეს“.