პოლიტიკა
პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა პარლამენტში დღეს, 18 ოქტომბერს გაიმართება

 საქართველო, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა პარლამენტში დღეს, 18 ოქტომბერს გაიმართება. საკითხის განხილვა 12:00 საათზე დაიწყება.

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ჰქონდა კომუნიკაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, სადაც დაადასტურეს, რომ სხდომას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრება.

„რეგლამენტის თანახმად, პარლამენტმა დადგენილებით უნდა დაამტკიცოს იმპიჩმენტის საკითხის განხილვის გრაფიკი და კენჭისყრის გრაფიკი. გთავაზობთ დადგენილების პროექტს, რომლის მიხედვითაც, პარლამენტი დაადგენს, რომ საქართველოს პარლამენტმა, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ წარმოდგენილი საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის თაობაზე დასკვნის საფუძველზე განიხილოს და აღნიშნულ საკითხს კენჭი უყაროს 2023 წლის საშემოდგომო სესიის 17- 20 ოქტომბრის მორიგი პლენარული სხდომების კვირაში. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე. აქვე გაცნობებთ, კომუნიკაცია მქონდა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. ქალბატონმა პრეზიდენტმა დაადასტურა მისი მონაწილეობა. ასე რომ, ხვალ, 12:00 საათზე ჩვენ დავიწყებთ საკითხის განხილვას იმპიჩმენტთან დაკავშირებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვისა და კენჭისყრის ვადის განსაზღვრის თაობაზე“ მხარი დაუჭირა 88 დეპუტატმა, წინააღმდეგ ხმა მისცა პარლამენტის რვა წევრმა.

პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით სამართლებრივი ნაწილი ამოიწურა მას შემდეგ, რაც გუშინ საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა დასკვნა, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია. ამის შემდეგ, პროცესმა საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლა. პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად პარლამენტის 100 წევრის მხარდაჭერაა საჭირო.