უცხოეთი
მედიის ცნობით, ირანმა ისრაელი გაერო-ს მეშვეობით გააფრთხილა, რომ ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემთხვევაში, ომში ჩაერევა

 საქართველო, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. ირანმა ისრაელი გაერო-ს არხით გააფრთხილა, რომ ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემთხვევაში, ომში ჩაერევა, – ამის შესახებ ინფორმაციას „აქსიოსი“ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი 14 ოქტომბერს, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში, ახლო აღმოსავლეთის საკითხებში გაერო-ს წარმომადგენელს, ტორ ვენესლანდს შეხვდა.

„აქსიოსის“ ცნობით, ვენესლანდმა მოუწოდა ამირაბდოლაჰიანს, დაეხმაროს ახლო აღმოსავლეთის ფართო რეგიონში ღაზასა და ისრაელის კონფლიქტის გავრცელების თავიდან აცილებაში.

როგორც მედია წერს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა, რომ ირანს არ სურს, კონფლიქტი გადაიზარდოს რეგიონულ ომში და სურს, დაეხმაროს ღაზაში „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობის გათავისუფლებაში.

გამოცემის ცნობით, ამავე დროს, ამირაბდოლაჰიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანს აქვს თავისი წითელი ხაზები და თუ ისრაელის სამხედრო ოპერაცია გაგრძელდება და ისრაელი შეასრულებს დაპირებას ღაზაში სახმელეთო შეტევის შესახებ, ირანს მოუწევს პასუხის გაცემა. დიპლომატიური წყარო ამბობს, რომ ვენესლანდმა დაურეკა ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს, ცაჩი ჰანეგბის, ასევე სხვა ოფიციალურ პირებს და ირანის შეტყობინება გადასცა.

1tv.ge