რელიგია
წმინდა სინოდის კრებაზე ორმხრივად კომპრომისული გადაწყვეტილება იქნა მიღებული

sinodiiამის შესახებ მეუფე იობმა საპატრიარქოში გამართული კრების დასრულების შემდეგ განაცხადა. „ეს იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება შეთანმხებულად იქნა მიღებული, რაც მომავალში ქვეყანასა და ეკლესიას დადებითად წაადგება. კრებაზე კანონის განმარტება მოხდა. ჩვენთვის ის არის მისაღები, რომ ყველას – როგორც მართლმადიდებელ ეკლესიას, ისე სხვა კონფესიებს, თავისი უფლებები ჰქონდეს“, – განაცხადა მეუფე იობმა, თუმცა მიღებული გააწყვეტილების არსი არ დაუკონკრეტებია.

მოგვიანებით წმინდა სინოდის პოზიციებსა და დღევანდელ კრებაზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა, მეუფე სერაფიმემაც, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან კონკორდატის დარღვევაზე საუბრობს. „აღნიშნული კანონის მიღება მართლმადიდებელ ეკლესიასთან შეუთანხმებლად არის ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის საკონსტიტუციო შეთანხმების დარღვევა“, – განაცხადა მეუფემ, თუმცა საკითხის მეტი დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.

მისივე ინფორმაციით, „წმინდა სინოდმა პარლამენტს რელიგიური გაერთიანებების შესახებ სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილებების გამო შენიშვნა მისცა“.

„ხელისუფლების წევრები საპატრიარქოს წარმომადგენლებთან საუბარში ამტკიცებენ, რომ ამ ცვლილებებით სხვა რელიგიური კონფესიების მართლმადიდებელ ეკლესიასთან გათანაბრება არ მომხდარა და მათთვის არც ქონების გადაცემის საკითხი დგას დღის წესრიგში. ამის შესახებ თბილისის მერმა გიგი უგულავამ გუშინ საპატრიარქოში განაცხადა, ხოლო დღეს ამ საკითხზე საპატრიარქოში განმარტებები დეპუტატმა ლაშა თორდიამ გააკეთა. სინოდი კანონის გაუქმებას არ ითხოვს, ვინაიდან გუშინვე ცხადი გახდა, რომ პარლამენტი ამას არ დაუშვებს და, გარდა ამისა, სინოდს ეს უფლებამოსილება არ გააჩნია. შესაბამისად, კანონის შეცვლა გამორიცხულია, თუმცა შესაძლოა, მასში დამატება შევიდეს. ეს ისეთი კანონია, რომ გააჩნია, ვინ როგორ გაიგებს“, – განაცხადა მეუფე სერაფიმემ.

ამასთან, წმინდა სინოდი კატეგორიულად უარყოფს ჟურნალისტ ნინია კაკაბაძის განცხადებას, თითქოს რამდენიმე სასულიერო პირი რელიგიური კონფესიების სტატუსის შესახებ მიღებული კანონის ინიციატორთა დაწყევლას ითხოვს. „სინოდი მსგავს გადაწყვეტილებებს არასოდეს იღებს, ხოლო ნინია კაკაბაძეს მოუწოდებს, როცა საქმე პატრიარქს ეხება, მეტი თავაზიანობა გამოიჩინოს“, – დასძინა მეუფემ.

შეგახსენებთ, რომ სინოდის კრება საპატრიარქოში დილის 10:00 საათზე დაიწყო და თითქმის ხუთი საათის განმავლობაში გაგრძელდა. სინოდის გადაწყვეტილება, რომელიც, სასულიერო პირთა განცხადებით, რამდენიმე პუნქტს მოიცავს და საკმაოდ მოცულობითია, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

 

საქინფორმი