აქტუალური
ქართველმა სამხედროებმა სამმხრივ სწავლება ETERNITY 2023-ში მიიღეს მონაწილეობა

 საქართველო, 12 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა ETERNITY 2023-ში მიიღეს მონაწილეობა. სამეთაურო-საშტაბო სწავლება საველე წვრთნებით ბაქოში ჩატარდა და მასში საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სამხედრო მოსამსახურეებმა, ასევე საქართველოს შსს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლება მიზნად ისახავს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების (ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი), ასევე რეგიონის ეკონომიკური პროექტების დაცვას.

სწავლება სამი ქვეყნის სამხედროებს შორის კოორდინაციას, გამოცდილების გაზიარებას, ასევე ერთიანი სამოქმედო გეგმის შექმნასა და ნატო-ს დაგეგმარების პროცესის მიხედვით აღსრულებას გულისხმობს.

სამმხრივი სამეთაურო-საშტაბო სწავლება ქვეყნების მონაცვლეობის პრინციპით 2000 წლიდან იმართება.

წელს ETERNITY 2023-ს აზერბაიჯანის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის სამხედრო მართვის ინსტიტუტის საომარი თამაშების ცენტრმა უმასპინძლა.