საქართველო, 9 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.
პირისპირ შეხვედრაზე, რომელიც საქართველოში ილჰამ ალიევის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს.
განსახილველ საკითხებს შორის იყო ქვეყნებს შორის ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ლოგისტიკის საკითხებში არსებული თანამშრომლობა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორია, ყოველ წელს ის ტოპ-ხუთეულშია, 2023 წელს კი ქვეყნებს შორის ვაჭრობა გაიზარდა 15%-ით. ასევე გაზრდილია ქვეყნებს შორის ტვირთების გადაზიდვის მოცულობა.
მხარეებმა მიმოიხილეს შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივები, რომლებზეც საქართველო და აზერბაიჯანის რესპუბლიკა ყაზახეთის რესპუბლიკასთან კოორდინირებულად მუშაობენ იმისთვის, რომ სწრაფად მოხდეს ამ კორიდორის განვითარება, რაც გულისხმობს რკინიგზის მოდერნიზაციას, პორტების გაფართოებას და მშენებლობას, გზების მოდერნიზაციას და განვითარებას. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით აზერბაიჯანს და საქართველოს დაწყებული აქვთ მასშტაბური სამუშაოები, საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რომელიც დასრულდება 2024 წლის ბოლოს და რკინიგზის გამტარუნარიანობა გაორმაგდება. ასევე მალე დაიწყება მასშტაბური ანაკლიის პორტის მშენებლობა, მისი გამტარუნარიანობა იქნება 100 მილიონი ტონა. ამასთან ერთად, მალე დასრულდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა. ყველა პროექტში საქართველო აზერბაიჯანთან აქტიურად თანამშრომლობს.მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ისტორიული, სტრატეგიული მნიშვნელობის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტს, რომელიც ასევე წარმატებით მიმდინარეობს და რამდენიმე თვეში დასრულდება.
ირაკლი ღარიბაშვილმა და ილჰამ ალიევმა ასევე განიხილეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. მთავრობის მეთაურმა ილჰამ ალიევს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. მან იმედი გამოთქვა, რომ სომხეთის რესპუბლიკასთან მალე გაფორმდება სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას შეუწყობს ხელს და კეთილდღეობას მოუტანს რეგიონის სამივე ქვეყანას.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ყოველთვის მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობისთვის.