პოლიტიკა
საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურასთან დაკავშირებული განხილვა დასრულდა

 საქართველო, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურასთან დაკავშირებული განხილვა დასრულდა. მოსმენა სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

გუშინ განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მოსმენის ბოლოს მხარეები მოსამართლეთა პლენუმის წინაშე დასკვნითი სიტყვით წარდგნენ.

არსებითი განხილვის დასრულების შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა პლენუმი დასკვნის მოსამზადებლად გავიდა. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ განაცხადა, პლენუმი დასკვნას კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვადებში მოამზადებს, რომელიც წარედგინება საქართველოს პარლამენტს, ასევე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე.

ადვილი არ იყო სამი დღის განმავლობაში ამ პროცესის წარმართვა, მაგრამ, როგორც იქნა, ყველა ეტაპი გავიარეთ და, შესაბამისად, 1797-კონსტიტუციური წარდგინების განხილვა ამით დავასრულეთ. შესაბამისად, კონსტიტუციით დადგენილ ვადებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის დასკვნა გაეგზავნება, წარედგინება საქართველოს პარლამენტს. ამით დღევანდელ სხდომას ვამთავრებთ. მთლიანად ამოწურულია როგორც თქვენი მოსმენა, ასევე ყველა ეტაპი, რომელსაც კანონმდებლობა ითვალისწინებდა და ითვალისწინებს ასეთ შემთხვევაში. მადლობა ყველას მოთმინებისთვის, მონაწილეობისთვის, განსაკუთრებით ჟურნალისტები და საზოგადოება იყო დაინტერესებული ამ პროცესის მიმდინარეობით, ეს ბუნებრივია. ბევრი კრიტიკული, არაკრიტიკული, დამსახურებული, დაუმსახურებელი კრიტიკა წავიკითხეთ სოციალურ მასმედიაში. ზოგიერთი პოლიტიკოსი და არაპოლიტიკოსი წინასწარ გამოთქვამს შეხედულებებს, მაგრამ უმჯობესია, ჯერ სასამართლოს გადაწყვეტილებას დაველოდოთ, სასამართლომ თავისი დასკვნა წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს, რომელიც ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება. როცა წავიკითხავთ დასკვნას, შემდეგ შეგიძლიათ, გამოთქვათ თქვენი შეხედულებები ამასთან დაკავშირებით. დღევანდელი სხდომა დამთავრებულია. კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვადებში დასკვნა პარლამენტში იქნება წარდგენილი“, – განაცხადა მერაბ ტურავამ.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის სავარაუდო დარღვევის საკითხზე კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს პარლამენტის 80-მა წევრმა წარადგინა. კონსტიტუციურ წარდგინებაში განხილვის საგანს წარმოადგენდა საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა „საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით“.

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იყვნენ, ხოლო პარლამენტის 80 დეპუტატის ინტერესებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე, ასევე დეპუტატები გიორგი კახიანი, ანრი ოხანაშვილი და თენგიზ შარმანაშვილი წარმოადგენდნენ.

საქართველოს პარლამენტის წევრების (ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძისა და სხვების, სულ 80 წევრის) კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის სავარაუდო დარღვევის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოში 14 სექტემბერს შევიდა. 22 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციური წარდგინება არსებითად განსახილველად მიიღო, ხოლო არსებითი განხილვა 3 ოქტომბერს დაიწყო.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო მსგავსი ტიპის წარდგინებას განიხილავს და პარლამენტს დასკვნას წარუდგენს ერთი თვის ვადაში.

ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის თანახმად, მსგავსი ტიპის კონსტიტუციური წარდგინების შემთხვევაში მოსამართლეთა პლენუმს დასკვნის მისაღებად არანაკლებ ექვსი წევრის მხარდაჭერა სჭირდება.