აქტუალური
ირაკლი ღარიბაშვილი: მჯერა, ევროპა აღარ დაუშვებს იმ შეცდომას, როდესაც საქართველოს უსამართლოდ მოექცნენ

 საქართველო, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. ჩვენს ევროპელ კოლეგებთან საუბრისას მაქვს ძალიან ძლიერი არგუმენტები, რომელთა გაზიარებაც ჩვენს ევროპელ კოლეგებს უწევთ და მოუწევთ. ვფიქრობ, მჯერა, რომ ევროკავშირში გაიმარჯვებს საღი აზრი, გონივრულობა და წინდახედულობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, საქართველო უსწრებს უკრაინას, მოლდოვას, ბოსნია-ჰერცეგოვინას, რომლებმაც მიიღეს კანდიდატის სტატუსი შარშან.

ვფიქრობ, ევროპა აღარ დაუშვებს იმ შეცდომას, რომელიც შარშან დაუშვეს, როცა საქართველო დაჩაგრეს, მოექცნენ უსამართლოდ და ამით რეალურად საქმე გაუკეთეს არა ჩვენს ქვეყანას, არამედ სხვას, რომელიც დაინტერესებული არის უფრო მეტი განსხვავებულობის დემონსტრირებით. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ჩვენს ევროპელ კოლეგებს ყველაფერი ავუხსენით, მათ გაიზიარეს ეს არგუმენტები. ჩემი მთავარი არგუმენტი არის ის, რომ ქვეყანამ მიაღწია ძალიან ხელშესახებ შედეგს ყველა მიმართულებით. ჩვენ წინ ვუსწრებთ უკრაინას, მოლდოვას, ბოსნია-ჰერცეგოვინას, რომლებმაც მიიღეს კანდიდატის სტატუსი შარშან და ჩვენ არ მივიღეთ, სამწუხაროდ. ჩვენ უსამართლობას და ასეთ მჩაგვრელ დამოკიდებულებას არ შევეგუებით, ამაზე ჩვენ გვაქვს ძალიან პრინციპული საუბარი ყველა ჩვენს ევროპელ კოლეგასთან. ვფიქრობ, რომ საღი აზრი, რაციონალურობა, წინდახედულობა და სტრატეგიული აზროვნება გაიმარჯვებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.