საქართველო, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზა შეიძლება მიუთითებდეს, რომ რუსეთი სევასტოპოლის ალტერნატივას ეძებს, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს. დასავლური გამოცემის სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს აფხაზეთის რეგიონში სამხედრო ბაზის შექმნით, რუსეთი აფართოებს სამხედრო ყოფნას შავი ზღვის სანაპიროზე თურქეთისკენ.
დასავლური გამოცემის ცნობით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტი, რომელიც ბაზირებულია ანექსირებულ სევასტოპოლში, ყირიმის ნახევარკუნძულზე, არაერთხელ იყო კიევის ძალების სამიზნე 2022 წლის უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.
ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ბაზის შექმნაზე ჟურნალისტებმა შეკითხვა დაუსვეს რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერს, დიმიტრი პესკოვს, თუმცა კრემლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ რუსული დანაყოფების და გემების განლაგებასთან დაკავშირებული საკითხი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობაა.
პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის თავდასხმების გამო რუსეთმა შავი ზღვის ფლოტის უმეტესი ნაწილი ანექსირებულ ყირიმში მდებარე მთავარი ბაზიდან გაიყვანა.