საქართველო, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კენტერბერის მთავარეპისკოპოსს, ჯასტინ უელბის შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული ურთიერთობები.
ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა სრულად არის ერთგული კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიმართ.
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას.
კენტერბერის მთავარეპისკოპოსი ქვეყანაში რეგიონული ვიზიტის ფარგლებში იმყოფება, რომლის მიზანია მშვიდობის მხარდაჭერა.
შეხვედრას საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი, ინგლისის ეკლესიის ეროვნული მრჩეველი ეკუმენიკურ საკითხებში ჯერემი მორისი, ინგლისის ეკლესიის მშვიდობის დესპანი ჯეიმს მეგორანი, ხოლო საქართველოს მხრიდან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.