საქართველო, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. ყველა ვხედავთ უკვე ალიანსს სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ შორის. მათ ჰყავთ საერთო პატრონი და მოქმედებენ საერთო დღის წესრიგით, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მათი საერთო პატრონია „გლობალური ომის პარტია“.
ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი გრიგორიადისს თუ შეიწყალებს, ამით ის ღიად ჩაერთვება რევოლუციურ პროცესებში.
„სალომე ზურაბიშვილი ასეთ ნაბიჯს თუ გადადგამს, ასეთ შემთხვევაში ის უკვე ღიად ჩაერთვება რევოლუციურ პროცესებში. ვნახოთ, გააკეთებს თუ არა ამას. რა თქმა უნდა, ეს იქნება ერთგვარი სიგნალი გრიგორიადისის მსგავსი ახალგაზრდებისთვის, რომ პოლიციელის ცოცხლად დაწვა შეიძლება დაუსჯელი დარჩეს. ასეთი სიგნალის გაშვება პირდაპირ ნიშნავს რევოლუციური პროცესების წახალისებას. სალომე ზურაბიშვილი ამას თუ გააკეთებს, ისედაც ლუსტრირებულია მისი ალიანსი რადიკალურ ოპოზიციასთან, მაგრამ ეს იქნება მისი რევოლუციური მისწრაფებების სრული ლუსტრაციაც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, – „როგორ ფიქრობთ, გრიგორიადისის შეწყალება ზურაბიშვილისგან ავტომატურად რევოლუციური სცენარის გაზიარება ხომ არ იქნება?“ – კობახიძემ აღნიშნა: „კი, ცალსახად“.