პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: აშშ-ის საელჩოს განცხადება გამაოგნებელი და საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელია

 საქართველო, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განაცხადებით, სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადება შემაშფოთებელია.

მისივე თქმით, საზოგადოებას აქვს მოლოდინი, საელჩოს მხრიდან მოისმინოს, რომ მათ მიერ რევოლუციური პროცესების მხარდაჭერა არ მოხდება.

„გუშინ წავიკითხე საელჩოს განცხადება ამ თემასთან დაკავშირებით. გაოგნებული ვიყავი, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ აბსოლუტურად შემაშფოთებელი განცხადება მოვისმინეთ. იმის მაგივრად, გვენახა გამიჯვნა იმ პროცესებისაგან, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული რევოლუციის მომზადებისგან, აბსოლუტურად განსხვავებული განცხადება ვნახეთ, რაც შემაშფოთებელია. ქართულ საზოგადოებას უნდა სიმშვიდე ამ ქვეყანაში და არა – რევოლუცია, ის უბედურება, რაც, მაგალითად, რევოლუციამ მოუტანა იმავე ჩვენს მეგობარ ქვეყანას, უკრაინას. ეს არ უნდა საზოგადოებას და საზოგადოების მოლოდინია, ამ შემთხვევაში საელჩოსგან მოისმინოს განსხვავებული პოზიცია. პოზიცია, რომ მათი მხრიდან არავითარ შემთხვევაში არ მოხდება რევოლუციური პროცესების მხარდაჭერა, თუმცა გუშინდელი განცხადება იყო აბსოლუტურად გამაოგნებელი და შეურაცხმყოფელი ქართული საზოგადოებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გუშინ, 2 ოქტომბერს განაცხადეს, რომ ორგანიზაცია „კანვასის“ წევრები სასტუმროში შეხვდნენ NGO-ებს, სამოქალაქო აქტივისტებს, გაიმართა დიდი ჯგუფის გადამზადება, რომელმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს ხელისუფლების დამხობის პროცესში. მათივე ცნობით, 26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებით ჩატარებულ კონფერენციას ორგანიზება „კანვას – საქართველომ“ და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა გაუწიეს. სუს-მა „კანვასის“ წარმომადგენლების მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი გამოაქვეყნა.

მოგვიანებით განცხადება გაავრცელა საქართველოში აშშ-ის საელჩომ, სადაც ნათქვამია: „ჩვენი ერთ-ერთი მხარდაჭერის პროექტის წინააღმდეგ ბრალდებები მცდარია. მივესალმებით ნებისმიერ შესაძლებლობას, განვიხილოთ ყველა შეშფოთება, რომელიც მთავრობას შეიძლება, ჰქონდეს“.