აქტუალური
ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი გაიმართება, რომელშიც პარლამენტის ხუთი წევრი მივიღებთ მონაწილეობას

 საქართველო, 3 ოქტომბერი, საქინფორმი. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი გაიმართება, რომელშიც პარლამენტის ხუთი წევრი მიიღებს მონაწილეობას.

მისივე თქმით, მოლოდინი ოპტიმისტური აქვთ.

„პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში ხვალ გაიმართება პროცესი. ხუთი დეპუტატი ვიქნებით წარმომადგენელი იმ ოთხმოცკაციანი ჯგუფის, რომელმაც იმპიჩმენტის თაობაზე ოფიციალურად შეიტანა წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოში. პარლამენტის ხუთივე წევრი პირადად მივიღებთ მონაწილეობას ამ პროცესში.

მოლოდინს რაც შეეხება, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც არაერთხელ მითქვამს. ეს არის პირველი კურსის პირველი ლექციის კაზუსი, უმარტივესი კაზუსი, რომლის ამოხსნასაც არ სჭირდება რაიმე განსაკუთრებული კვალიფიკაცია, განსაკუთრებული იურიდიული კვალიფიკაციაც კი. აქედან გამომდინარე, ჩვენი მოლოდინი არის ოპტიმისტური“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, კობახიძეს კითხვით მიმართეს – „იმ შემთხვევაში, თუ იმპიჩმენტი მივიდა ბოლომდე და ევროპელებმა განაცხადეს, რომ ამის გამო არ აძელევენ საქართველოს სტატუსს, იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას?“, – რაზეც კობახიძემ აღნიშნა:

„რა შუაშია საერთოდ? ანუ ტოლობის ნიშანი არის კონსტიტუციის დარღვევასა და ევროპულ ღირებულებებს შორის? თუ, პირიქით, ტოლობის ნიშანი უნდა იყოს კონსტიტუციის დაცვასა და ევროპულ ღირებულებებს შორის? გუშინ პრეზიდენტმა აღიარა, თვითონვე თქვა, რომ ოფიციალურად არ აქვს უფლება, იყოს ლიეტუვაში, ასეთი ინტერვიუ მისცა ლიეტუვის საზოგადოებრივ მაუწყებელს. პირდაპირ აღიარა, რომ არ აქვს უფლებამოსილება, იყოს ლიეტუვაში, თუმცა კონსტიტუციის დარღვევით მაინც აკეთებს ამას, რადგან, მისი აზრით, ხალხისგან აქვს შესაბამისი მანდატი. ხალხისგან მანდატი ვის რაზე აქვს, ეს განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით. კონკრეტული თანამდებობის პირები და ორგანოები ამ ქვეყანაში არჩეული არიან კონკრეტული მანდატით. მანდატი რას გულისხმობს შინაარსობრივად, ეს გაწერილია სწორედ საქართველოს კონსტიტუციაში. მე შეიძლება, მეგონოს, რომ ვარ ნაპოლეონ ბონაპარტი – და მისი მოგვარის პაციენტები ამას ამტკიცებდნენ – მაგრამ თუ სინამდვილეში არ ვარ ბონაპარტი, ამ შემთხვევაში სხვა რამე უნდა დავამტკიცო“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.