საზოგადოება
რუსული სარაკეტო გემი „ციკლონი“ სოხუმის პორტში შევიდა

 საქართველო, 2 ოქტომბერი, საქინფორმი. რუსული სარაკეტო გემი „ციკლონი“ 29 სექტემბერს სოხუმის პორტში შევიდა, რათა ხვალ „აფხაზეთის გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის“ დღისადმი მიძვნილ ღონისძიებებში მიიღოს მონაწილეობა. ამის თაობაზე ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესი“ იტყობინება.

პორტში რუს მეზღვაურებს დე ფაქტო „ხელისუფლების“ წარმომადგენლები და რუსეთის ოფიციალური პირები დახვდნენ.

რუსეთმა „ციკლონი“ თავის შავი ზღვის ფლოტს ზაფხულში დაამატა. გემს ქერჩის გემთსაშენ ქარხანაში რამდენიმე წლის განმავლობაში აშენებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ის საჰაერო თავდაცვის ახალი სისტემითა და რვა ფრთიანი რაკეტის „კალიბრის“ გამშვები მოწყობილობითაა აღჭურვილი.

ნებისმიერი გემის ზღვაში ჩაშვების ცერემონია მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, განსაკუთრებით დღევანდელ რთულ ვითარებაში, მითუმეტეს როცა შავი ზღვის ფლოტი საბრძოლო მოქმედებებშია ჩართული. ნებისმიერ ერთეულს, განსაკუთრებით მაღალი სიზუსტის იარაღიან გემს დიდი მნიშვნელობა ენიჭება“, – განაცხადა რუსეთის საზღვაო ფლოტის ადმირალმა, ნიკოლაი ევმენოვმა ცერემონიაზე.