საქართველო, 2 ოქტომბერი, საქინფორმი. ქართული სახელმწიფოს ძალა სწორედ ხელისუფლებისა და ხალხის ერთობაშია და მჯერა, რომ ეს ერთიანობა საბოლოო გამარჯვებას მოუტანს ჩვენს ქვეყანას, პირველი ოქტომბრის გამარჯვების საბოლოო მიზანი ქვეყნის გაერთიანებაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მთავრობის მეთაურის თქმით, 2012 წლის პირველ ოქტომბრის არჩევნები უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად იქცა.
„ქართველმა ხალხმა ნდობა გამოუცხადა ამ ისტორიული გამარჯვების მთავარ შემოქმედს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დემოკრატიულად შეცვალა ავტოკრატიული, ანტიეროვნული, ხალხის მჩაგვრელი რეჟიმი და სათავე დაუდო ქვეყნის განვითარების სრულიად ახალ ეტაპს. სრული უიმედობისა და უპერსპექტივობის დროს ბიძინა ივანიშვილმა გააერთიანა მთელი საზოგადოება და ხალხის ასეთმა კონსოლიდაციამ შესაძლებელი გახადა ჩვენს ისტორიაში პირველად ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება. დღევანდელი გადმოსახედიდან ამ გამარჯვების შედეგები თვალსაჩინო და შთამბეჭდავია − ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა უზრუნველყო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ერთადერთი ხანგრძლივი მშვიდობის პერიოდი, გავატარეთ მასშტაბური ეკონომიკური და სოციალური რეფორმები, ხელი შევუწყვეთ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები ქართველი ხალხის ისტორიული მისწრაფების − ევროკავშირში გაწევრიანებისკენ“, – წერს ღარიბაშვილი.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ გუნდის აგრძელებს ქვეყნის დამოკრატიული ტრანსფორმაციის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის, განვითარების პროცესს.
„ჩვენ ვაგრძელებთ ქვეყნის დამოკრატიული ტრანსფორმაციის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის, განვითარების პროცესს და კიდევ უფრო ამბიციური მიზნებისაკენ ვისწრაფით. მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენ ძალას გვაძლევს ხალხის უდიდესი ნდობა და მხარდაჭერა. დღეს, კიდევ ერთხელ, მადლობა, მინდა, გადავუხადო „ქართული ოცნების” თითოეულ წევრსა თუ მხარდამჭერს, მთელ ჩვენს საზოგადოებას. ქართული სახელმწიფოს ძალა სწორედ ხელისუფლებისა და ხალხის ერთობაშია და მჯერა, რომ ეს ერთიანობა საბოლოო გამარჯვებას მოუტანს ჩვენს ქვეყანას. პირველი ოქტომბრის გამარჯვების საბოლოო მიზანი ქვეყნის გაერთიანებაა“, – წერს ღარიბაშვილი.