საკვირაო ქადაგება 10.07.2011
„სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა.
ჩვენთან არს ღმერთი!
ადამიანები ვცხოვრობთ, მუდამ ვთხოვთ ღმერთს დახმარებას, მაგრამ გვავიწყდება, დიდება შევწიროთ მას დიდი წყალობისათვის. აი, ჩვენ დღეს ვმადლობთ უფალს საქართველოს მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის. დარწმუნებულები ვართ, რომ მშვიდობა და კეთილდღეობა მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა და ყოველთა წმიდათა ლოცვით დაისადგურებს საქართველოში...
ჩვენი დიდი წმიდანი ილია მართალი შეგვახსენებდა, რომ უპირველესია „ენა, მამული, სარწმუნოება“. ქართველი ადამიანი იცავდა და იცავს ამ სამ საუნჯეს, მაგრამ ხანდახან გვავიწყდება ეს. გვავიწყდება, რომ მამულს, ეკლესიას დაცვა უნდა, ენას განვითარება სჭირდება. უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი ტკბილი ქართული ენა, მამული. ჩვენ განვმარტეთ ეს ცნებები და ვთქვით: ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. ღმერთი, როგორც განმგებელი ჩვენი, „შემოქმედი ცათა და ქვეყნისა“. უნდა გვახსოვდეს, ღმერთი ჩვენშია. ორი დიდი მეცნიერი საუბრობდა. ერთი ამბობდა, რომ მთელი თავისი სიცოცხლე ცასა და პლანეტებს უყურებს და ვერ ნახა ღმერთი. მეორემ კი უპასუხა: შენს გულში ჩაიხედე და იქ ნახავ ღმერთსო. ვფიქრობ, რომ დღესაც გვავიწყდება საკუთარ გულში ჩახედვა. ჩვენი გონება, ფიქრები გაფანტულია ხშირად და განსაკუთრებით აწუხებს ადამიანს სხვისი განკითხვა. განკითხვა კი დიდი ცოდვაა. როგორც განიკითხავ სხვას, შენც ისე განიკითხები უფლისაგან...იმისთვის, რომ ადამიანი იყოს ბედნიერი, ეკლესიას გვერდით უნდა დაუდგეს. ჩვენი მფარველი დედამიწაზე მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიაა. ხშირია, როცა ეკლესიას ებრძვიან და ამცირებენ. ვინც დაამცირებს ეკლესიას, ის აუცილებლად ისჯება და ამიტომ ამას უნდა ვერიდოთ...
ხშირია შემთხვევა, როდესაც მღვდელმსახურებსა და მორწმუნე ადამიანებს განიკითხავენ და ამით თვითონ ვარდებიან ცოდვაში. როდესაც სხვას განვიკითხავთ, მას ვათავისუფლებთ ცოდვებისაგან და ჩვენ თვითონ ვვარდებით ცოდვებში. ჩვენ უნდა ვიდგეთ ერთმანეთის გვერდით. ერთმანეთი უნდა ვანუგეშოთ, რადგან ხშირია, როდესაც ცოდვა ცოდვას მისდევს და ადამიანს ამპარტავნება ეუფლება. ზოგიერთებს ჰგონიათ, მათი ნათქვამი სწორია და ასწავლიან სხვებს, მაშინ, როდესაც საკუთარი თავისთვის არ უსწავლებიათ...
ვისაც კი ოდესმე ეკლესიისთვის შეურაცხყოფა მიუყენებია, მათი ოჯახები დანგრეულა და ამიტომ სიფრთხილეა საჭირო, როდესაც საქმე ეკლესიას ეხება...“
საქინფორმი