საქართველო, 28 სექტემბერი, საქინფორმი. 26 სექტემბერს, „პალიტრანიუსთან“ ინტერვიუში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ დაადასტურა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა შეჩერებულია. „ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პროგრამა დროულად აღდგეს“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ პროგრამა გაზაფხულზე დაპაუზდა, როცა ფონდს დამატებითი კითხვები გაუჩნდა.
„სამი ვიცე-პრეზიდენტის ერთდროულად გადადგომა, რა თქმა უნდა, ეს იყო მძიმე ფაქტი, რამაც საკმაოდ დიდი შეშფოთება, კითხვები გააჩინა როგორც ჩვენი ორგანიზაციის შიგნით, ასევე ორგანიზაციის გარეთ“, – განაცხადა თურნავამ.
ივლისში, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (სსფ-მა) გადადო საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის მეორე ტრანშის დირექტორთა საბჭოსთვის წარდგენა. შესაბამისად, გადავადდა საბჭოს მიერ ტრანშის დამტკიცების პროცედურაც. სამწლიან მხარდამჭერ პროგრამაზე შეთანხმებას საქართველოს ხელისუფლებამ და სსფ-მა 2022 წლის აპრილში მიაღწიეს, რის შედეგადაც საქართველოს სესხის სახით 289 მილიონი აშშ დოლარის გამოეყო. პირველი ტრანში 40 მილიონის ოდენობით უკვე ათვისებულია. მეორე ტრანშის გამოყოფაზე მოლაპარაკებები 2023 წლის მაისში გაიმართა, რომლის დროსაც საქართველოს ხელისუფლება და სსფ-ის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ პროგრამის მეორე მიმოხილვა ივნისში დასრულდებოდა. ფონდმა მაშინ განაცხადა, რომ გადავადება ნაწილობრივ გამოწვეულია „საქართველოს ეროვნული ბანკის სტრუქტურაში განხორციელებულ ცვლილებებზე უთანხმოების გამო“.