საქართველო, 27 სექტემბერი, საქინფორმი. თეთრმა სახლმა შეიმუშავა რეფორმების დოკუმენტი, რომელიც უკრაინამ მაკფროფინანსური დახმარების გასაგრძელებლად უნდა გაატაროს.
ინფორმაციას ამის შესახებ УКРАИНСКАЯ ПРАВДА საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გაზეთის ცნობით, შესაბამისი დოკუმენტი უკვე გაეგზავნა დონორთა საკოორდინაციო პლატფორმის წევრ სახელმწიფოებს. წყაროს ცნობით, წერილი მიიღო უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიჰალმა და პრეზიდენტის ოფისმაც.
დოკუმენტში განსაზღვრულია გასატარებელი რეფორმები და მათი აღსრულების ვადა პრიორიტეტულობის მიხედვით: 0-დან 3 თვემდე, 3-დან 6 თვემდე, 12 თვემდე და 18 თვემდე.
დოკუმენტში აქცენტი კეთდება სახელმწიფო კომპანიების დამკვირვებელ საბჭოებზე, ანტი-კორუფციულ უწყებებზე, მართლმსაჯულების უმაღლეს საბჭოსა და მთლიად სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაზე.
პრიორიტეტულ ჩამონათვალში მოხვდა რეფორმები, რომელიც თავდაცვის სამინისტროსა და ქვეყნის ძალოვან უწყებებს ეხება.
თეთრი სახლის მიერ უკრაინის სხვა დონორების გაგზავნილი წერილი დოკუმენტის პირველადი ვერსიაა და შესაძლებელია მისი კორექტირება.
დონორთა საკოორდინაციო პლატფორმამ მუშაობა მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო. ინიციატივის მთავარი მიზანი უკრაინის ეკონომიკის აღდგენისა და ეკონომიკის რეკონსტრუქციის საკითხებზე მუშაობაა. სხვაგვარად პროცესი ცნობილია "ფინანსური რამშტაინის" სახელით.
უკვე ჩატარდა პლატფორმის პირველი სხდომა, რომელშიც მონაწილეობდნენ უკრაინელი მაღალჩინოსნები, დიდი შვიდეულის წევრი სახელმწიფოების, მსოფლიო ბანკისა და მსოფლიო სავალუტო ფონდის წარმომადგენლები.