პოლიტიკა
საქართველოსა და რუმინეთის პარლამენტებმა თანამშრომლობის შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი

 საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და რუმინეთის სენატის თავმჯდომარემ ნიკოლაე ჩუკამ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც საქართველოს პარლამენტისა და რუმინეთის სენატის დიალოგისა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობისკენ არის მიმართული სფეროებში, რომლებიც ორივე ქვეყნის ინტერესებს წარმოადგენს, იუწყება საქართველოს პარლამენტის პრეს-სამსახური.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და მისი თანმხლები დელეგაცია ვიზიტით რუმინეთში იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში ტარდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ორმხრივი შეხვედრები რუმინეთის სენატის თავმჯდომარესთან, დეპუტატთა პალატის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან და ორივე პალატის კომიტეტების წარმომადგენლებთან.

დეკლარაციით გათვალისწინებულია საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავება არაერთი მიმართულებით, მათ შორის, რეგულარული ორმხრივი ვიზიტების განხორციელება, მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის კავშირების გააქტიურება, პარლამენტების თანამშრომლებისთვის პროფესიული განვითარების პროგრამების შეთავაზება და სხვა“, – ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, დეკლარაცია ადასტურებს რუმინეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე მისი მისწრაფების მხარდაჭერას ნატოსა და ევროკავშირში.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოდან ევროპაში შავი ზღვის ფსკერზე ელექტროკაბელის გაყვანის პროექტის მნიშვნელობაზე და აღნიშნეს, რომ ის საქართველოსა და რუმინეთს შორის თანამშრომლობის მაგალითია.

შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის ფლაგმანი პროექტი კარგი მაგალითია, რომელსაც უზარმაზარი პოტენციალი აქვს, რომ დაეხმაროს ევროპას, მათ შორის რუმინეთს, ენერგორესურსების დივერსიფიკაციასა და მწვანე ენერგიაზე გადასვლის ხელშეწყობაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ნიკოლაე ჩუკას განცხადებით, რუმინეთმა და საქართველომ ორმხრივი ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აიყვანეს და ქვეყნები მზად არიან ამ პარტნიორობის შემდგომ განვითარებაზე იმუშაონ.

მწვანე ენერგეტიკული დერეფანი“ და შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი მხოლოდ ორი მაგალითია ამგვარი თანამშრომლობის. ვაფასებ ღია და გულწრფელ დიალოგს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან. მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მას მადლობა ამ ვიზიტისთვის, რომელიც, ჩემი აზრით, კიდევ ერთი ნაბიჯია ჩვენ ქვეყნებს შორის დიალოგის გაუმჯობესებისკენ“, – განაცხადა ჩუკამ.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს პროგრესს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზაზე. პაპუაშვილმა აღნიშნა რუმინეთის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის მნიშვნელობა ამ ისტორიულ პერიოდში.

სენატის თავმჯდომარემ საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები დადებითად შეაფასა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა და ნატომ აღიარონ და შეაფასონ საქართველოს შედეგები და ქვეყნის წვლილი საერთაშორისო მისიებში.

მისი თქმით, რუმინეთი კვლავაც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირსა და ნატოში შესვლის გზაზე.

ჩემი ქვეყანა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის პირველი იყო, რომელმაც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა 2014 წლის 3 ივლისს. რუმინეთი თანამიმდევრულად უჭერს მხარს საქართველოს ნაბიჯებს, მათ შორის რეფორმებს, რომლებიც ევროკავშირისკენ არის მიმართული“, – განაცხადა ჩუკამ.

პაპუაშვილის განცხადებით, რუმინეთი, თავის მხრივ, წამყვანი ძალაა საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერის კუთხით, და დღეს თბილისში არის მოლოდინი, რომ რუმინეთი ასეთივე ლიდერის პოზიციას დაიკავებს საქართველოს მხარდაჭერაში, როგორც უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში.

მადლიერები ვართ სენატში ჩვენი გულთბილი მიღებისთვის. ვაფასებთ რუმინეთის მხრიდან საქართველოს მხარდამჭერ თითოეულ ნაბიჯსა და განცხადებას. დაე, იყოს ჩვენი საერთო წინაპრის – ანთიმოზ ივერიელის მემკვიდრეობა ჩვენი მეგზური მშვიდობასა და კეთილდღეობაზე ორიენტირებული ერთობლივი მომავლის გზაზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებმა 2022 წლის 17 დეკემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას „მწვანე ენერგეტიკისა და ტრანსპორტის განვითარების სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანას შავი ზღვის ფსკერზე.

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს.

შეთანხმების ფარგლებში ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი რუმინეთთან უნდა დააკავშიროს. ევროკავშირი პროექტისთვის 2,3 მილიარდ ევროს გამოყოფს. კაბელი ხელს შეუწყობს აზერბაიჯანსა და საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის ევროპაში გაყიდვას.

მსოფლიო ბანკი შავის ზღვის ფსკერის დეტალური კვლევისთვის საქართველოს დამატებით 75 მლნ დოლარს გამოუყოფს.

თუ პროექტი განხორციელდება, ათასი მეგავატი სიმძლავრის 1195 კმ-იანი კაბელი საქართველოს აღმოსავლეთ ბალკანეთთან დააკავშირებს, რაც სამხრეთ კავკასიას და ევროპას საშუალებას მისცემს, ისარგებლონ ფართო საექსპორტო შესაძლებლობებით და განახორციელონ ელექტროენერგიის იმპორტი ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით.