აქტუალური
საინიციატივო ჯგუფი: სამინისტრო ხელოვნების მუზეუმის პროექტს ასაიდუმლოებს

 საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. საინიციატივო ჯგუფი ხელოვნების მუზეუმისთვის მინისტრის საათის ფორმატში თეა წულუკიანის მიერ ხელოვნების მუზეუმზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და საგანგაშოს უწოდებს.

წულუკიანმა პარლამენტში თქვა, რომ მომზადდა შენობის რეაბილიტაციის პროექტი, რომელშიც საქართველოს ბიუჯეტიდან სოლიდური თანხაა გადახდილი. როგორც ის ამბობს, არცერთი კომპანია არ დათანხმა პროექტის განხორციელებას, რადგან ის "ქაღალდზე კარგია", მაგრამ ტექნიკურად მისი რეალიზება შეუძლებელი და საფრთხის შემცველია.

"მინისტრს არ დაუკონკრეტებია, ვინ (რომელი კომპანია ან სპეციალისტთა ჯგუფი) აწარმოებს მოდიფიცირების პროცესს. ზემოთქმულის მიხედვით, ცხადია, რომ ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობის რეაბილიტაცია იმართება ისევე არაკომპეტენტურად, როგორც იმართებოდა გელათის სამონასტრო კომპლექსის რესტავრაციის პროცესი, რის შედეგადაც ძეგლს შეუქცევადი ზიანი მიადგა", - ნათქვამია განცხადებაში.

საინიციატივო ჯგუფი აღნიშნავს, რომ ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტი აბსოლუტურად გასაიდუმლოებულია და სამინისტრო, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ გასცემს ინფორმაციას, რომელი კომპანია ან პროფესიული ჯგუფი მუშაობს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლზე.

"საინიციატივო ჯგუფი ხელოვნების მუზეუმისთვის გაჟღერებულ ინფორმაციას მივიჩნევთ საგანგაშოდ და ვითხოვთ საზოგადოების ყურადღებას. არ უნდა დავუშვათ, რომ ხელოვნების მუზეუმის ისტორიულმა შენობამ გელათის ბედი გაიზიაროს. "არარენტაბელური მემკვიდრეობა" საფრთხეშია!", - ნათქვამია განცხადებაში.