საზოგადოება
საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოება მიმართვას ავრცელებს

Coxosnebiერი, ქვეყანა და ეკლესია განსაცდელშია... შევიკრიბოთ და გონებით დარბაისლურად მივიღოთ გადაწყვეტილება...

საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოება ქრისტიანულ სიყვარულსა და სათნოებაზე დაფუძნებული ერთობაა და თუ არა ერის, ქვეყნისა და ეკლესიისათვის განსაკუთრებული მოვლენა, არ იყენებს საეკლესიო მრევლისა და ქვეყნის მოსახლეობისათვის პირდაპირი მიმართვის ფორმას.

ჩვენ ვთვლით, რომ დღეს, სწორედ რომ დღეს, განსაკუთრებული ჟამი უდგას ერსაც, ქვეყანასაც და ეკლესიასაც.

სწორედ დღეს არის ბერისა და ერის, ერისა და ბერის ერთობა გადამწყვეტი ჩვენი წარსულისა და მომავლის გადარჩენისათვის.

ის, რაც ბოლო ორი დღის განმავლობაში მოხდა – საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე დაჩქარებული წესით დაამტკიცა ქვეყანაში მოქმედი რელიგიებისათვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი, შეურაცხყოფას აყენებს საქართველოს ყოველ მოქალაქეს, მიუხედავად მისი ეროვნებისა და რელიგიური აღმსარებლობისა.

შეურაცხმყოფელია კანონიც და კანონის მიღების ფორმაც. შეურაცხმყოფელია ის, რომ ცხადი გახდა საქართველოს ხელისუფლების მზაკვრული გარიგება ქართველი ხალხის, მართლმადიდებელი ეკლესიისა და მართლმადიდებელი მრევლის ზურგსუკან ერის სულიერი მამის, ილია მეორეს ხელით გაეკეთებინა ის, რის სურვილიც ჰქონდა და, როცა ეს ვერ შეძლო, სრული იგნორირება გაუკეთა ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას, მის საჭეთმპყრობელს და დაჩქარებული ტემპით, დემონსტრატიულად მიიღო ის, რასაც პატრიარქმა „საშიში“ უწოდა ქვეყნისა და ეკლესიისათვის.

პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივით დემონსტრატიულად მოხდა ის, რასაც სომხური ეკლესია და გარეგინ მეორე ითხოვდნენ და რის მიღებასაც ქართული ეკლესია და ილია მეორე ეწინააღმდეგებოდნენ.

საზოგადოებაში დღემდეც საუბრობდნენ საქართველოს პრეზიდენტისა და ხელისუფლების მაღალი ეშელონების წარმომადგენელთა ფარისევლობაზე ქართულ ეკლესიასთან მიმართებაში. ბოლო დღეებმა ეს განსაკუთრებული ხაზგასმით დაადასტურა.

ქვეყანა რეალურად აღმოჩნდა განსაცდელში. ჩვენ დაგვაკარგვინეს არა მხოლოდ ტერიტორიები, არამედ გვართმევენ ქართულ ცნობიერებას, ქართული ეკლესიის ერთიანობას, პირდაპირ ვთქვათ, მიდის გეგმაზომიერი მუშაობა ქართველობის გადაგვარების, საქართველოს მოსახლეობისათვის გენოციდის მოწყობის მიზნით.

ჩოხოსნობა, ჩოხოსანი ღირსებასთან, სწორედ რომ ეროვნულ ღირსებასთან, სწორედ რომ ქართულ ცნობიერებასთან იყო და არის დაკავშირებული და დუმილი დღეს მართლაც ღირსების დაკარგვის ტოლფასია.

ჩვენ გვაძლიერებს ის, რომ ქვეყნისათვის ამ მძიმე განსაცდელის ჟამს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელია მთელ მსოფლიოში უდიდესი ავტორიტეტის მქონე ილია მეორე და ჩვენი ღირსების საქმეა, ვიდგეთ ღვთივმოვლენილ ჩვენს პატრიარქთან, ვიდგეთ საქართველოსთან.

ჩვენ ვფიქრობთ, დადგა დრო, რომ ერის, ქვეყნისა და მართლმადიდებლობის გადარჩენა ღირსებისათვის ბრძოლასთან არის დაკავშირებული.

გვწამს და გვჯერა, რომ ქართველი კაცი, საქართველოს ყოველი მოქალაქე, მიუხედავად მისი ეროვნებისა და რელიგიური აღმსარებლობისა, ერთად ვიქნებით ქვეყნის ღირსებისათვის ბრძოლაში.

ჩვენ მოკრძალებით, უღრმესი პატივისცემითა და მართლმადიდებლური სიმდაბლით მივმართავთ ქართული მეცნიერების, კულტურისა და ხელოვნების, განათლების, მედიცინის, სპორტის მოღვაწეებს, სწორედ იმ ხალხს, რომელიც ყოველთვის მეწინავეობდა ბრძოლაში ჩვენი ქვეყნის ღირსებისათვის, შევიკრიბოთ პეტრეპავლობის ბრწყინვალე დღესასწაულს და გონებით დარბაისლურად მივიღოთ საქართველოს ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების სახელით,

უხუცესთა საბჭო

2011 წლის 8 ივლისი

ხელმომწერები:

მინდია სალუქვაძე

ომარ მხეიძე

ფერდინანდ ლორთქიფანიძე

თემურ გუგუშვილი

სოსო ქოიავა

ალექსანდრე ჩადუნელი

გურამ შენგელია

ოთარ ხარჩილავა

თამაზ ჯალაღანია

გულო ანანიაშვილი

ბორის ბოქოლაშვილი

შალვა წიკლაური