უცხოეთი
ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს

 საქართველო, 22 სექტემბერი, საქინფორმი. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს.

სომხური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ათასობით ადამიანის შეკრების დროს ნიკოლ ფაშინიანმა პარტია „სამოქალაქო შეთანხმების“ წევრების ვიწრო წრე შეკრიბა და განაცხადა, რომ არავითარ შემთხვევაში არ გადასცემს ძალაუფლებას და ნებისმიერ ფასად შეინარჩუნებს მას.

ყარაბაღის რეგიონში საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობისას ერევნის ცენტრში, მთავრობის შენობასთან ანტისამთავრობო აქციები გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა ფაშინიანი აზერბაიჯანისთვის მთიანი ყარაბაღის გადაცემაში დაადანაშაულეს და პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვეს, შემდეგ მთავრობის შენობაში შეჭრა და პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს. საპასუხოდ, უსაფრთხოების ძალებმა ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს.

1tv.ge