სამართალი
მიხეილ სააკაშვილი: თუ სახელმწიფო ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, თქვენ უნდა უზრუნველყოთ მთავრობის გადადგომა

 საქართველო, 21 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველო ჯერ დააპაუზეს, შემდეგ უკან გადაახვიეს სწრაფი ტემპებით, ჩვენ შევაჩერებთ უკან გადახვევას და სწრაფი ტემპებით წავალთ წინ. ხალხი უნდა იყოს მუდმივად პროტესტში, უნდა ვაპროტესტოთ სახელმწიფო, კერძო დაწესებულებებში, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიყოთ ქუჩაში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გუშინდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, თუ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ხალხმა უნდა უზრუნველყოს მთავრობის გადადგომა.

„საქართველო საბოლოოდ უწვება რუსეთს და საბოლოოდ ვკარგავთ ჩვენს სახელმწიფოებრიობას. ჩვენ დავკარგეთ ჩვენი სახელმწიფოებრივი სუბიექტურობა 2013 წელს, ჩვენ ვკარგავთ ჩვენს სახელმწიფოებრიობას უკვე 2023 წელს. ამიტომ, ჩემო მეგობრებო, ჩვენ, როგორც არასდროს, უნდა დავანახოთ ყველას, რომ რაც ხდება დღეს, ეს არის შემთხვევითობა, ეს არ არის ის, რაც სურს ქართველ ხალხს. საქართველო ჯერ დააპაუზეს, შემდეგ უკან გადაახვიეს სწრაფი ტემპებით, ჩვენ შევაჩერებთ უკან გადახვევას და სწრაფი ტემპებით წავალთ წინ. ხალხი უნდა იყოს მუდმივად პროტესტში, ჩვენ უნდა ვაპროტესტოთ სახელმწიფო დაწესებულებებში, უნდა ვაპროტესტოთ კერძო დაწესებულებებში, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიყოთ ქუჩაში. ვინ გადაწყვიტა, რომ მთელი ფინანსური დაწესებულებები და ეს ყველაფერი ეკუთვნის ერთ ადამიანს და მის პატრონებს რუსეთში? ის ეკუთვნის ქართველ ხალხს. თუ სახელმწიფო ვერ მიიღებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და თუ იქნება ევროკომიისიის უარყოფითი დასკვნა, თქვენ უნდა უზრუნველყოთ, თქვენ ყველამ ერთად უნდა უზრუნველყოთ, რომ საქართველოს მთავრობა გადადგეს, დაინიშნოს ახალი არჩევნები, ახლიდან ჩატარდეს ახალი ეროვნული თანხმობის მთავრობის პირობებში. ამას წყალი არ გაუვა, ჩვენ დასაკარგი დრო არ გვაქვს. ეს ოპოზიციური ჯგუფი, ის ოპოზიციური ჯგუფი, ეს პარტია, ის პარტია – ყველა ერთად, პროტესტი არის, მათ შორის, ევროპულობის ნიშანი. ციხეში მკლავენ მარტივი მიზეზით, მსჯიან იმიტომ, რომ წარმატებული საქართველოს პრეცედენტი შევქმენი, მსჯიან, რადგან უკრაინაში ვიყავი და უკრაინას ვეხმარებოდი ძალიან აქტიურად, დიდ როლს ვთამაშობ იმ ქვეყანაში. მსჯიან, რადგან 10-ჯერ გავზარდე საქართველოს ეკონიმიკა, მსჯიან, რადგან დაბნელებული საქართველო გავანათე, ახალგაზრდებს გავუხსენი გზა და მოვსპე კორუფცია განათლების სისტემაში, მსჯიან, რადგან არ ვიყავი მათნაირი და არასოდეს არაფერი არ მომიპარავს, საქართველოსთვის მინდოდა ყველაფერი. ამიტომ ჩემი დასჯა არის საქართველოს სირცხვილი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.