საქართველო, 20 სექტემბერი, საქინფორმი. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტი დღეს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს მესამე მოსმენით განიხილავს და, შეთანხმების შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობა კენჭისყრაზე მას მხარს არ დაუჭერს.
კობახიძის თქმით, ყველა პუნქტთან დაკავშირებით კეთდება ის, რაც იყო ევროკომისიის რჩევა.
„მესამე მოსმენაა და მარტივია მისი განხილვა, წესით, გავა და დღესვე დადგება კენჭისყრაზე, შესაბამისად, უმრავლესობა მას მხარს არ დაუჭერს ამ შეთანხმების შესაბამისად. რაც შეეხება დანარჩენ პუნქტებს, ოთხი მთავარი პუნქტი იყო და ოთხი დამატებითი, ასე რომ ვთქვათ. ყველა თემასთან დაკავშირებით ვაკეთებთ ზუსტად იმას, რაც გვირჩიეს ევროკომისიიდან.
შედგა შეხვედრა ბორელთან, კოპმანთან, ამ შეხვედრებზე გამოიკვეთა მათი სურვილი, რომ წლის ბოლომდე, ნაწილობრივ თვის ბოლომდე იხილონ პროგრესი ყველა ამ პუნქტთან დაკავშირებით. ჩვენ დეტალური, მათ შორის დროში გაწერილი გეგმა წარვადგინეთ გუშინ საზოგადოების, ჩვენი პარტნიორების წინაშე და ამ პუნქტებს მივყვებით სათანადო ვადებში. შესაბამისად, რა მოლოდინიც არის თვის ბოლომდე, წლის ბოლომდე, ყველა მოლოდინს აბსოლუტურად, 100 პროცენტით ვასრულებთ. ეს იყო ჩვენი გუშინდელი ბრიფინგის შინაარსი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მმართველ გუნდში წინა დღეს განაცხადეს, რომ დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით ცალკე კანონის მიღების საჭიროება აღარ დგას და საკანონმდებლო ორგანო მსგავს კანონს აღარ მიიღებს, რადგან ევროკავშირის მხრიდან ეს მოთხოვნა მოხსნილია. მათივე თქმით, პარლამენტი დღეს მესამე მოსმენით განიხილავს და არ მიიღებს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტს. ამასთან, „ქართულ ოცნებაში“ აღნიშნეს, რომ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის პროექტი კვირის ბოლომდე გაეგზავნება ვენეციის კომისიას.