უცხოეთი
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანმა ყარაბაღში ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებები დაიწყო

 საქართველო, 20 სექტემბერი, საქინფორმი. აზერბაიჯანმა ყარაბაღში ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებები დაიწყო, – ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, „სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების მიერ აზერბაიჯანის არმიის პოზიციების სისტემატური დაბომბვა ყარაბაღის რეგიონში, ტერიტორიების განგრძობადი დანაღმვა, სამუშაოების ჩატარება საინჟინრო, საბრძოლო პოზიციების გასაუმჯობესებლად, აგრეთვე სანგრების რაოდენობის გაზრდა ბოლო თვეებში კიდევ უფრო დიდი დაძაბულობის მიზეზი გახდა“.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში აღნიშნავენ, რომ ასევე ხდება საბრძოლო პოზიციების გაძლიერება პერსონალით, ჯავშანტექნიკით, საარტილერიო დანადგარებითა და სხვა ცეცხლსასროლი იარაღით, რითიც ქვედანაყოფები საბრძოლო მზადყოფნის მაღალ დონემდე მიდის.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „სამმხრივი განცხადების დებულებების უზრუნველსაყოფად, ყარაბაღის ეკონომიკურ რეგიონში ფართომასშტაბიანი პროვოკაციების აღსაკვეთად, სომხეთის შეიარაღებული ძალების განიარაღებისა და აზერბაიჯანის ტერიტორიებიდან გაყვანისთვის, მათი სამხედრო ინფრასტრუქტურის განეიტრალებისთვის, ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე დაბრუნებული მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციური წყობის აღსადგენად რეგიონში ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო“.

„ფრონტის ხაზზე და სიღრმეში, მაღალი სიზუსტის იარაღის გამოყენებით მოქმედებების ფარგლებში წყობიდან გამოდის სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების პოზიციები, მათი გრძელვადიანი საცეცხლე პუნქტები, აგრეთვე საბრძოლო აქტივები და სამხედრო ობიექტები. ჩვენ ვიმეორებთ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა არ არის სამიზნე, მხოლოდ ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეები გამოდის მწყობრიდან. მიმდინარე აქტივობების შესახებ ინფორმირებული იქნა რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტის სარდლობა და თურქულ-რუსული მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელობა“, – აღნიშნულია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

1tv.ge