სამართალი
მამუკა მამულაშვილი: როგორც ჩანს, ღარიბაშვილმა ცუდი სიზმარი ნახა

 საქართველო, 19 სექტემბერი, საქინფორმი. როგორც ჩანს, ღარიბაშვილმა ცუდი სიზმარი ნახა... „ქართულ ოცნებას“ მტერი გამოელია - ალბათ, რუსები უკვე გააძევეს საქართველოდან, კრემლის ჯაშუშებიც დააკავეს და საქმე რომ აღარაფერი ჰქონდათ, ჩვენზე გადმოერთნენ. სხვა არც კი ვიცი, რა უნდა ვთქვა ამ ბოდვაზე, - ასე გამოეხმაურა უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი სუს-ის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, გარკვეული ჯგუფები საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობას გეგმავენ.

„ambebi.ge”-სთან საუბარში მამულაშვილი მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დირექტივა კრემლიდან მიიღო.

„რუსეთის საგამოძიებო სამსახურმა „ქართული ლეგიონის“ წევრების წინააღმდეგ სასამართლო ჩაატარა და სხვადასხვა მუხლით გაგვასამართლა. შეიძლება, ეს იყოს მცდელობა, რომ რუსეთს გადასცენ ეს ადამიანები, მათ შორის მეც. ახლა, ალბათ, საქართველოშიც აღძრავენ ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს.

რუსებისთვის „ქართული ლეგიონი“ სერიოზულ თავის ტკივილად იქცა, ძალიან სერიოზული ზარალი მივაყენეთ. შესაბამისად, გამწარებულები არიან და ყველანაირად ცდილობენ ჩვენს ხელში ჩაგდებას. გარდა იმისა, რომ რვაჯერ აღძრეს ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე, ფულადი ჯილდოებიც დააწესეს ჩემს მოკვლაზე. სუს-ის მცდელობა დამადანაშაულოს დესტაბილიზაციის მოწყობაში, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ „ქართული ოცნება“ კრემლიდან იღებს დავალებებს“, - აცხადებს მამულაშვილი.

მისივე თქმით, სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებას საფუძველი არ აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, უწყება ვიდეო-აუდიო ჩანაწერებს გაავრცელებდა. მამულაშვილის განმარტებით, მას გია ლორთქიფანიძესთან ხშირი კონტაქტი არ აქვს.

„მერწმუნეთ, ასეთი საფუძველი საერთოდ არ არსებობს. როგორ გგონიათ, რამე რომ იყოს, სუს-ი ცარიელ განცხადებას დასჯერდებოდა და მტკიცებულებებს არ დადებდა? ერთი ვიდეო ან აუდიოჩანაწერი მაინც დაედოთ და ისე ელაპარაკათ. ისეთ რაღაცაში გადანაშაულებენ, რაც ჯერ არ მომხდარა?!

ლორთქიფანიძეს კარგად ვიცნობ, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ხშირად ვხვდები, საკმაოდ დიდი ხანია, არ მინახავს, ჩვენ ერთმანეთთან საქმიანი ურთიერთობა არ გვაქვს, მე ფრონტის ხაზზე ვარ, სულ სხვა მიმართულებით, ის სხვაგან არის, იმ მეორე კაცს საერთოდ არ ვიცნობ, არც კი ვიცი, ვინ არის და ვერც ვხვდები, რატომ მიაბეს ჩემს გვარს. თან რუსულ გვარს ასახელებენ. მართლა არ ვიცი, ვინ არის ბატულინი. ერთი ერთში ჯდება რუსეთისა და "ქართული ოცნების“ სცენარები, ერთი ხელწერაა, შეკრიბეს რაღაც გვარები ერთად და მოიგონეს ზღაპარი. აქამდე რუსეთის ხელისუფლება მარტო ცდილობდა "ქართული ლეგიონის“ დისკრედიტაციას, ახლა ამაში საქართველოს ხელისუფლებაც ეხმარება. მე ის მაშფოთებს, რუსეთს არ გადასცენ ჩვენი ლეგიონის ბიჭები, რომლებიც დროდადრო საქართველოში ჩამოდიან ოჯახების სანახავად“, - განაცხადა მამულაშვილმა და აღნიშნა: „პირადად ვიზრუნებ, რომ ბიძინა ივანიშვილიც დასანქცირდეს, ამ საკითხს მეც დავაყენებ უცხოელი პარტნიორების წინაშე“.

ცნობისთვის, სუს-ის ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას გეგმავს, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა.

უწყების ცნობით, აღნიშნული გეგმის ერთ-ერთი ავტორი საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის მქონე პირები, მათ შორის მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და ასევე სააკაშვილის ახლო გარემოცვის წევრი, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილია.