უცხოეთი
ვლადიმერ პუტინი - რუსული ეკონომიკის აღდგენის ეტაპი დასრულებულია

 საქართველო, 19 სექტემბერი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მიმდინარე წელს რუსეთის შიდა მთლიანი პროდუქტის ზრდა 2021 წლის დონეს დაუბრუნდა და თავდაპირველ პროგნოზებს გადააჭარბა.

ინფორმაციას „კომერსანტი“ ავრცელებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ განცხადება უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული მასობრივი სანქციებისა და რუსული რუბლის გაუფასურების ფონზე გაკეთდა.

პუტინის თქმით, ივლის-აგვისტოში ასევე აღდგა რუსეთის ბიუჯეტის ნავთობ-გაზის მოპოვებიდან და გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი.

„შიდა მთლიანი პროდუქტის ზრდას 1,2%-ის დონეზე ვვარაუდობდით, მაგრამ ფაქტობრივად, მიმდინარე წლის ბოლომდე ეს მაჩვენებელი 2,5%-ის დონეზე შეიძლება გავიდეს, ან მეტი – 2,8%-ის. რუსული ეკონომიკის აღდგენის ეტაპი დასრულებულია, ჩვენ უპრეცედენტო გარე გავლენასა და ე. წ. არამეგობრული ქვეყნების მმართველი ელიტების სასანქციო შეტევას გავუძელით", — განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ამასთან, მან რუბლის გაუფასურებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ძირითად პრობლემას ინფლაციის დაჩქარება წარმოადგენს, რომლის მთავარ ფაქტორს რუსული ვალუტის გაუფასურება წარმოადგენს.

interpressnews.ge