უცხოეთი
ბაიდენის იმპიჩმენტი: Reuters უახლესი გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს

 საქართველო, 15 სექტემბერი, საქინფორმი. აშშ-ის კონგრესის ინიციატივას, დაიწყოს გამოძიება ქვეყნის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შესაძლო იმპიჩმენტის ფარგლებში, ქვეყნის მოსახლეობის 41% უჭერს მხარს, ირკვევა Reuters/Ipsos-ის გამოკითხვის შედეგებიდან.

კვლევამ აჩვენა, რომ კონგრესის მიერ გამოძიების დაწყებას მოქალაქეების 35% ეწინააღმდეგება, ხოლო 24%-ს ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ აქვს.

ამასთან, იდეას დემოკრატიული პარტიის წევრთა მხოლოდ 18% ემხრობა, რესპუბლიკელებს შორის კი ამ მაჩვენებელმა 71%-ს მიაღწია.

გამოკითხვა, რომლის სტატისტიკური ცდომილება +- 2%-ია, 8-14 სექტემბერს ჩატარდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 4,400 რესპონდენტის ნაწილმა კითხვებს მანამ უპასუხა, სანამ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი კევინ მაკარტი 12 სექტემბერს ბაიდების შესაძლო იმპიჩენტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებდა.

კევინ მაკარტის თქმით, მთავარი თემა, რომელსაც კონგრესი გამოიძიებს, ეს არის საკითხი, იღებდა თუ არა აშშ-ის პრეზიდენტი სარგებელს თავისი შვილის, ჰანტერ ბაიდენის ბიზნესოპერაციებიდან. გარდა ამისა, საუბარია კორუფციის, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ბრალდებებზე ჯო ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის დროს (2009-2017 წლებში).

იმპიჩმენტის პროცედურა

იმპიჩმენტი ითვალისწინებს ფედერალური მოხელეების, მათ შორის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას, თუ მათ „სახელმწიფო ღალატში, ქრთამის აღებაში ან სხვა მძიმე დანაშაულსა და სამართალდარღვევაში" ცნობენ დამნაშავედ.

ბრალდების წარდგენის პრეროგატივა წარმომადგენელთა პალატას აქვს. თუ წარმომადგენელთა პალატა კენჭისყრით დაუჭერს მხარს წინადადებას, შემდეგ იმპიჩმენტი კონგრესის ზედა პალატაში — სენატში უნდა დამტკიცდეს. ამის მერე ბრალდებები გადაეცემა სენატს, სადაც პროცედურა სასამართლო პროცესად გადაიქცევა. ამ პროცესზე წარმომადგენელთა პალატა ბრალდების მხარედ გამოდის, ხოლო სენატორები ნაფიც მსაჯულთა როლს ასრულებენ.

sputnik-georgia.com