საქართველო, 14 სექტემბერი, საქინფორმი. ერგნეთში 12 სექტემბერს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 114-ე შეხვედრა გაიმართა.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადება
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ეუთო-მ დადებითად შეაფასეს მონაწილეთა მყარი ერთგულება ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების ფორმატის მიმართ. თანამონაწილეებმა მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს გადაადგილების თავისუფლებისთვის მიმართ, იმ დროს როდესაც სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარის მაცხოვრებლები კვლავ აწყდებიან დაბრკოლებებს, რომლებიც მათ ერთმანეთისგან იზოლაციას ახდენს, ზღუდავს მათ საარსებო წყაროების შესაძლებლობებს, აფერხებს მათ ოჯახურ ურთიერთობებს და ამავდროულად გავლენას ახდენს მათი რელიგიური ჩვეულებების შესრულებაზე. თანათავმჯდომარეებმა ხაზი გაუსვეს, თუ როგორ მოქმედებს ეს დაბრკოლებები განსაკუთრებით ქალებზე, ბავშვებზე და მოხუცებზე.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ეუთო მიესალმნენ იმას, რომ უსაფრთხოების ვითარება შედარებით სტაბილური იყო ბოლო ორი თვის განმავლობაში, მათ შორის 2008 წლის ომის წლისთავის დროს და მის ახლო პერიოდში. შეხვედრის დროს ხაზი გაესვა თანათავმჯდომარეების როლს სტაბილურობის შენარჩუნებაში ხელშეწყობისას. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემების წინაშე არსებული გამოწვევები, მათ შორის ბოლოდროინდელი უსაფრთხოების ინციდენტები და დაკავებები. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ეუთო-მ აღნიშნეს, რომ ხანგრძლივად დაკავების ზოგიერთი შემთხვევა ბოლო დროს გადაიჭრა. თანათავმჯდომარეებმა მოუწოდეს მონაწილეებს შეწყვიტონ დაკავებების პრაქტიკა და მხარი დაუჭირეს დარჩენილი დაკავებულების გათავისუფლებას.
მონაწილეები მიესალმნენ დღევანდელ კონსტრუქციულ დისკუსიებს სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე, მათ შორის ელექტროენერგიის და სარწყავი წყლის ხელმისაწვდომობას და ტექნიკური ექსპერტების მოსაზრებებს და ასევე ხაზი გაუსვეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზის მნიშვნელობას დაძაბულობის განმუხტვისა და ინფორმაციის გაცვლის ხელშესაწყობად.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე განიხილეს წინა შეხვედრიდან დღემდე ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი.
შეხვედრაზე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დააყენეს უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გათავისუფლების საკითხი, ასევე, მკაცრად დაგმეს შეხვედრებს შორის პერიოდში იდენტიფიცირებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტები.
შეხვედრის მონაწილეებმა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებებიც განიხილეს და მათი გადაწყვეტის შესაძლებლობებზე იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო ე.წ. გამშვებ პუნქტებზე გადაადგილების არსებულ პრაქტიკასა და მისი მასშტაბების ზრდასთან დაკავშირებულ საკითხებს.
სააგენტო „რესის“ ცნობით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის წარმომადგენელმა, იგორ კოჩიევმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე მან „რესპუბლიკის საჰაერო სივრცის დარღვევის საკითხი“ დააყენა.
„ბოლო პერიოდში ქართულმა მხარემ დაიწყო უპილოტო საფრენი აპარატების ჩვენი რესპუბლიკის ტერიტორიაზე გადაფრენის ფაქტების აღიარება, თუმცა, მაინც ცდილობენ, რომ პასუხისმგებლობა სხვებს დააკისრონ, მათ შორის სამხრეთ ოსეთის მხარეს“, – განაცხადა კოჩიევმა.
მისი თქმით, დრონები ცხინვალის რეგიონის ტერიტორიის, მათ შორის ქალაქ ცხინვალის გადასაღებად გამოიყენება. კოჩიევმა დასძინა, რომ ამის მტკიცებულებაა ის ფოტოები და ვიდეოები, რომლებიც ქართულ სოციალურ ქსელებში ვრცელდება.
კოჩიევმა ასევე განაცხადა, რომ დაფიქსირდა ერთი შემთხვევა, როდესაც რეგიონის ტერიტორიაზე პილოტიანი საფრენი აპარატი შეფრინდა.
„ქართული მხარის პასუხის თანახმად, პილოტს, როგორც ჩანს, გზა აებნა. მას შემდეგ, რაც მიხვდა, საით უნდა გაფრენილიყო, პილოტმა რესპუბლიკის საჰაერო სივრცე დატოვა და დანიშნულების ადგილისკენ გაფრინდა“, – განაცხადა მან.
კოჩიევის თქმით, ცხინვალის მხარემ შეხვედრაზე „სახელმწიფო საზღვრის დარღვევის შემთხვევების შესახებ შეშფოთება გამოთქვა“. „ბოლო პერიოდში სახელმწიფო საზღვრის დარღვევის 10 შემთხვევა დაფიქსირდა. ყველა მოქალაქე რესპუბლიკის საზღვრებს მიღმა გააძევეს, ვინაიდან მათ პირველად ან უცოდინრობით დაარღვიეს საზღვარი“.
IPRM-ის მომდევნო შეხვედრა 2023 წლის 1 ნოემბერს ჩატარდება.