საქართველო, 13 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს ევროპულ გზაზე ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაციაა. იმისთვის, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა ითანამშრომლოს კონსტრუქციულად, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
„გასულ კვირას პირველად ვესტუმრე საქართველოს, რადგან მსურდა, სამი ძირითადი მესიჯი გამეზიარებინა ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლებისთვის. პირველი: ევროკავშირისთვის ეჭვგარეშეა, რომ საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის. საქართველოში სტუმრობისას იგრძნობთ ქართველი ხალხის ევროპულ სწრაფვას. თბილისის ქუჩებში უფრო მეტი ევროპული დროშა ვნახე, ვიდრე ევროპის დედაქალაქების უმეტესობაში. ქართველების 80%-ზე მეტს სურს, რომ მათი ქვეყანა გახდეს ევროკავშირის ნაწილი. ეს, რა თქმა უნდა, შთამბეჭდავი მაჩვენებელია და ჩვენ სრულად ვაფასებთ ამას. ჩემი ყოფნის დროს ყველა ჩემმა თანამოსაუბრემ გამოთქვა სურვილი და თხოვნა, რომ საქართველოს მალე მიეღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ეს არის მოწოდება, რომელსაც ბოლო თვეების განმავლობაში გამუდმებით ვისმენთ ხელისუფლების, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან“, – აღნიშნავს ბორელი.
ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ გზაზე საქართველოს მიმართ არის მკაფიო მოთხოვნები, რომლებიც ასახულია ევროკომისიის მიერ წამოყენებულ 12 პრიორიტეტში და საქართველოსთვის ევროპულ გზაზე შემდეგი ნაბიჯები მათ მიღწეულ შედეგებზე იქნება დამოკიდებული.
„გასული ივნისის მდგომარეობით, საქართველომ სამი მათგანი შეასრულა, მაგრამ დანარჩენ ცხრაზე საკმაოდ ბევრი სამუშაო რჩება შესასრულებელი. ეს, ძირითადად, ეხება პოლიტიკური ცხოვრების დეპოლარიზაციას, ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური ცხოვრების დეოლიგარქიზაციას, მართლმსაჯულების რეფორმას, საარჩევნო რეფორმას, მედიის პლურალიზმსა და ადამიანის უფლებებს. საქართველოს ევროპულ გზაზე ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მართლაც ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაციაა. იმისთვის, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის კანდიდატი, ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა ითანამშრომლოს კონსტრუქციულად. მთავრობამ და ხელისუფლებაში მყოფმა პარტიამ უნდა იმუშაონ ისეთი გარემოს შექმნაზე, რომელიც შესაძლებელს გახდის ამ თანამშრომლობას. პრეზიდენტ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამ კიდევ უფრო გაზარდა ეს კონტრპროდუქტიული პოლარიზაცია. იმისთვის, რომ საქართველომ ევროპულ გზაზე სწრაფად გასვლა შეძლოს, ქვეყნის ყველა ინსტიტუტმა ერთად უნდა იმუშაოს, ანუ ითანამშრომლოს. ქართველმა ლიდერებმა არ უნდა გაუშვან ხელიდან ეს ისტორიული შანსი“, – წერს ბორელი.
ბორელის განცხადებით, „ევროკავშირში გაწევრიანების მოკლე გზა არ არსებობს, არც საქართველოსთვის და არც სხვისთვის“.
„გაფართოების პროცესი ყოველთვის მიჰყვება მკაფიო კრიტერიუმებს. ეს, რა თქმა უნდა, მოითხოვს შრომისმოყვარეობას, პოლიტიკურ ნებას და მკაფიო ერთგულებას ევროკავშირის ღირებულებებისადმი. მაგრამ, როგორც ჩემს ქართველ კოლეგებს ვუთხარი, საკუთარი ესპანური გამოცდილებიდან ვიცი, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას დიდი ტრანსფორმაციული ძალა აქვს და უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ვალდებულებაა. ეს შრომა ღირს არა მხოლოდ ევროკავშირის წევრი გახდომისთვის, არამედ, რაც მთავარია, მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრების გასაუმჯობესებლად. საქართველოს აქვს ძლიერი ადმინისტრაცია და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება. მას აქვს მთელი პოტენციალი ამ ისტორიული ამოცანის მისაღწევად“, – აღნიშნავს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი.
ბორელის თქმით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რუსეთის საერთაშორისო იზოლაციისთვის ძალისხმევის კოორდინაციას უახლოეს პარტნიორებთან და აღნიშნა, რომ მიესალმება საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას სანქციების გვერდის ავლის პრევენციის საკითხში.
„ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინას და ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. ევროკავშირი მიესალმება ამ კუთხით საქართველოს მკაფიო პოზიციას საერთაშორისო ფორუმებზე. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ძალისხმევის კოორდინაციას ჩვენს უახლოეს პარტნიორებთან რუსეთის საერთაშორისო იზოლაციისთვის. ამიტომ, მივესალმები საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას სანქციების გვერდის ავლის პრევენციის საკითხში. ამ მხრივ, საქართველოში ბევრი რამ გაკეთდა და მე გამოვხატე ჩვენი მკაფიო აღიარება ამ ძალისხმევისთვის. თუმცა, ისიც უნდა მეთქვა, რომ ვწუხვართ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო, რამაც თბილისი რუსების ევროპაში შეყვანის ცენტრად აქცია. ასევე საჭიროა მეტი ჩართულობა რუსეთის ჰიბრიდულ აქტივობებთან დასაპირისპირებლად, დაწყებული რუსეთის პროპაგანდისა და დეზინფორმაციის ომით. ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოში დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას, რათა ხელი შეუწყოს ინფორმაციის მანიპულირებისადმი მდგრადობას. დამოუკიდებელი მედია და ინფორმაციის სამართლიანი ხელმისაწვდომობა დემოკრატიის საფუძველია“, – წერს ბორელი.
ასევე, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა გამოხატა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
„2008 წლიდან საქართველო პუტინის ნეოიმპერიალისტური მსოფლმხედველობის მსხვერპლია. ჩვენი დიდი ხნის ვალდებულება, ვიყოთ საქართველოს გვერდით, დღეს ისეთივე ძლიერია, როგორც არასდროს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე. ეს არ არის მხოლოდ სიტყვები. ჩვენ ამას ვადასტურებთ კონკრეტული ქმედებებით. დასასრულს, ვფიქრობ, რომ ჩემი მთავარი გზავნილი საქართველოს ლიდერებისა და მოქალაქეებისთვის იყო ნათელი: საქართველოს შეუძლია, ევროკავშირის იმედი ჰქონდეს და ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღიაა. ჩვენ გვინდა, ვიხილოთ საქართველო წარმატებული ევროპულ გზაზე და ვიმედოვნებთ, რომ ქართველი ლიდერები ყველაფერს გააკეთებენ, რათა ხელიდან არ გაუშვან ეს დიდი შესაძლებლობა“, – წერს ბორელი.