საქართველო, 13 სექტემბერი, საქინფორმი. 12 სექტემბერს, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის კანონაღსრულების ტაქტიკური ჯგუფი 12 მოსამსახურის შემადგენლობით ნატო-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში ”ზღვის მცველი” მონაწილეობისთვის საბერძნეთში გაემგზავრა.
სანაპირო დაცვის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფებმა წარმატებით გაიარეს ნატოს შეფასების ოთხწლიანი პროგრამა, რის შედეგადაც ალიანსმა საქართველოს NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციის ,,ზღვის მცველის“ ოპერაციული პარტნიორის სტატუსი მიანიჭა. NATO-ს არაწევრი ქვეყნებიდან საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელსაც აღნიშნული სტატუსი მიენიჭა.
შსს-ის ინფორმაციით, ტაქტიკური ჯგუფის ნატო-ს ოპერაციაში ჩართვა ევრო-ატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში საქართველოს ღირსეული წვლილის შეტანას და ნატო-ს საზღვაო კომპონენტებთან ურთიერთავსებადობის ამაღლებას ემსახურება. „ალიანსის ეგიდით წარმოებულ ოპერაციაში მონაწილეობა, ნატო-ს გაერთიანებულ საზღვაო ძალების სარდლობასა და სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას შორის პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების ახალ, მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. ასევე, ოპერაციაში მონაწილეობა, ქართული დროშის დემონსტრირებისა და ნატო-ს შენაერთებთან ურთიერთობის გაღრმავების საუკეთესო შესაძლებლობას წარმოადგენს“, – აცხადებს შსს.
ნატო-ს ოპერაცია „ზღვის მცველი“ დღეისათვის ერთადერთ ოპერაციას წარმოადგენს, რომლის მთავარი ამოცანებია: ტერორიზმთან ბრძოლა, ზღვაზე თავისუფალი მიმოსვლის ხელშეწყობა, საზღვაო უსაფრთხოების შესაძლებლობების გაზრდა, უკანონო ეკონომიკური საქმიანობის აღკვეთა და საოპერაციო არეალში არსებული საზღვაო ვითარების შესახებ ცნობიერების ამაღლება.
შსს-ს ინფორმაციით, სანაპირო დაცვის მოსამსახურეების საბერძნეთში ჩასვლის შემდეგ, ოპერაციაში გადასროლამდე წინამოსამზადებელი სწავლება გაიმართება. წვრთნების დასრულების შემდეგ ქართული კონტინგენტი ნატო-ს საზღვაო შენაერთზე განთავსდება და ხმელთაშუა ზღვაში, ნატო-ს ოპერაციაში მიიღებს მონაწილეობას.