აქტუალური
„კატეგორიულად მიუღებელია": თბილისმა პოდოლიაკის განცხადებას მკაცრად უპასუხა

 საქართველო, 13 სექტემბერი, საქინფორმი. კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი მსგავს განცხადებებს აკეთებს საქართველოს მიმართ, განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან" მიხეილ სარჯველაძემ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადების კომენტარისას.

პოდოლიაკმა მანამდე განაცხადა, რომ საქართველოს არ ექნება შესაძლებლობა, შევიდეს ევროკავშირში „ევროპულ ღირებულებებზე აბსოლუტური უარის გათვალისწინებით". უკრაინელმა პოლიტიკოსმა საქართველოს მთავრობის მოქმედებებს „მაქსიმალურად ამაზრზენი" უწოდა. სწორედ ამიტომ, მისი აზრით, საქართველოს „ერთი შანსიც კი არ აქვს", რომ გახდეს ევროკავშირის წევრი.

სამწუხაროა, მაგრამ პოდოლიაკის განცხადება ბევრი მიზეზით მიუღებელი განცხადებაა... კატეგორიულად მიუღებელია, როცა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი საქართველოსთან დაკავშირებით ასეთ განცხადებებს აკეთებს. აბსოლუტურად განსხვავებული უნდა ყოფილიყო. ასეთი განცხადება ყველა მხრივ, ყველა თვალსაზრისით გაუმართლებელია", – განაცხადა სარჯველაძემ.

დეპუტატის აზრით, ეს პირდაპირი მტკიცებულებაა, უდავო დასტურია იმისა, რომ ბევრი პოლიტიკოსი უკრაინის მთავრობაში ღიად ლობირებს ოპოზიციურ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას".

სამწუხაროდ, ოპოზიციის დღის წესრიგია – მაქსიმალურად ხელი შეეშალოს ქვეყანას ევროინტეგრაციის მიმართულებით. მიუხედავად მათი ფასადური განცხადებებისა, რომ ქვეყანას რამენაირად უნდა შევაძლებინოთ, მოიპოვოს კანდიდატის სტატუსი, კულუარებში და ამ ფასადს მიღმა ყველაფერს აკეთებენ, რათა ქვეყანამ წარმატება არ მოიპოვოს", – განაცხადა მან.

შესაბამისად, პოდოლიაკის განცხადება მხოლოდ ამ მოტივით შეიძლება იყოს განპირობებული, სხვა ახსნა ამას უბრალოდ არ მოეძებნება, აღნიშნა სარჯველაძემ.

ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.

2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ.