უცხოეთი
ეუთოს მეგობართა ჯგუფის ერთობლივი განცხადება საქართველოში რუსეთის შემოჭრის 15 წლისთავთან დაკავშირებით

 საქართველო, 12 სექტემბერი, საქინფორმი. ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოში საქართველოს მეგობართა ჯგუფმა, რომელიც ბულგარეთს, კანადას, ჩეხეთის რესპუბლიკას, დანიის, ესტონეთს, ფინეთს, ისლანდიას, ირლანდიას, ლატვიას, ლიეტუვას, ნორვეგიას, პოლონეთს, რუმინეთს, სლოვაკეთს, შვედეთს, უკრაინას, გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-ს აერთიანებს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 15 წლისთავთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

განცხადებაში გამოხატულია ღრმა შეშფოთება რუსული ძალების მიერ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციის გაგრძელების გამო. დოკუმენტში ხაზგასმულია კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობა საერთაშორისო სამართლის, გაეროს წესდებისა და ჰელსინკის დასკვნითი აქტის შესაბამისად.

მეგობართა ჯგუფმა დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია 2008 წელს და მას საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა უწოდა. მან შეშფოთება გამოხატა რუსეთის ჰიბრიდული ტაქტიკისა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში სამხედრო ყოფნის, ასევე საჰაერო სივრცის დარღვევის გამო და დასძინა: „ჩვენ ასევე ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიას“.

მეგობართა ჯგუფი მიესალმა საქართველოს მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულებას და მოუწოდა რუსეთს შეასრულოს თავისი ვალდებულება და გაიყვანოს საკუთარი ძალები კონფლიქტამდელ პოზიციებზე. „მოვუწოდებთ რუსეთს გააუქმოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და უზრუნველყოს ყველა იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილების) და ლტოლვილების უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება საკუთარ სახლებში, მოქმედი საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, – ნათქვამია განცხადებაში.

ჯგუფმა შეშფოთება გამოთქვა ცხინვალის რეგიონში მავთულხლართების აღმართვის გაგრძელებისა და გადასასვლელების დახურვის გამო და ყველა გამშვები პუნქტის გახსნისკენ მოუწოდა. განცხადებაში ასევე „ღრმა შეშფოთებაა“ გამოხატული საოკუპაციო ხაზის გასწვრივ თვითნებური დაკავებების გამო და ნათქვამია: „მოვუწოდებთ დაუყონებლივ და უპირობოდ გათავისუფლდნენ ირაკლი ბებუა, ქრისტინე თაკალანძე, ასმათ თავაძე და ყველა ის პირი, ვინც თვითნებური პატიმრობის ქვეშ იმყოფება“.

ჯგუფი მხარდაჭერას უცხადებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების, ასევე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატებს; ამავდროულად, შეშფოთებას გამოხატავს გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეჩერების გამო და მისი დაუყოვნებლად განახლებისკენ მოუწოდებს.

ჯგუფი მიესალმა „დეოკუპაციისა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავებისკენ მიმართულ ძალისხმევას, ასევე ქვეყნის სამშვიდობო ინიციატივებს, რომელთა შორისაა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ და „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“.

განცხადებაში აღნიშნულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) 2021 წლის იანვრის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც რუსეთი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს საქართველოს რეგიონებზე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ, მათ შორის სამხედრო ყოფნის მეშვეობით. განცხადებაში ასევე ნახსენებია ევროპული სასამართლოს 2023 წლის აპრილის გადაწყვეტილება, რომელმაც რუსეთის ფედერაციას კონფლიქტით დაზარალებული საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ 130 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა და მოუწოდა რუსეთის ფედერაციას სრულად შეესრულებინა ეს გადაწყვეტილებები.

civil.ge