სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესი ილია მეორეს განცხადებით, „საქართველო და რუსეთი მტრებად ვერ დარჩებიან“.
როგორც პატრიარქმა „ეხო მოსკვის’ ეთერში განაცხადა, „საქართველო კვლავინდებურად ღრმა პატივისცემითაა განწყობილი რუსეთისადმი, მისი კულტურის, ისტორიისა და ფილოსოფიისადმი“.
„ვფიქრობ, რუს ხალხსაც ახსოვს საქართველო. ცოტა ხნის წინ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელმა მითხრა – ჩვენ აფხაზეთი არ გვჭირდებაო. მადლობა ღმერთს, რომ ის არ არის საჭირო. ნუთუ შეიძლება, აფხაზეთი საქართველოზე გაცვალო?! საერთოდ, რატომ უნდა გააკეთო ეს? ჩვენ რა, რუსებს აფხაზეთში ან საქართველოში არ ვუშვებდით?!“ – ბრძანა პატრიარქმა.მისივე თქმით, „ჭკვიანი ადამიანები ამბობენ, რომ ჩიხიდან, სულ ცოტა, ორი გამოსავალი არსებობს“.
„ეს გამოსავალი უნდა ვეძებოთ, რადგან მტრებად ვერ დავრჩებით – ეს არაბუნებრივია საქართველოსა და რუსეთისთვის. როგორი ახლობლებიც ვიყავით ერთმანეთისთვის, ისეთივე უნდა დავრჩეთ. ძალიან მტკივა. ადამიანები არაერთგზის გამოხატავენ საკუთარ ტკივილს იმასთან დაკავშირებით, რომ 200 წლის განმავლობაში რუსეთმა ქართველი ხალხის სიკეთის დანახვა ვერ შეძლო, ვერ შეძლო იმ პატივისცემისა და სიყვარულის დანახვა, რომელსაც ქართველი ხალხი რუსეთისადმი, მისი კულტურისა და ისტორიისადმი იჩენდა. თუმცა ვფიქრობ, ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ვენდობით ერთმანეთს და პატივს ვცემთ“, – განაცხადა ილია მეორემ.
საქინფორმი