აქტუალური
იოზვიაკი საქართველოში ბორელის ვიზიტის შესახებ: ეს ბოლო მცდელობაა

 საქართველო, 8 სექტემბერი, საქინფორმი. რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა განაცხადა, რომ მან ბრიუსელში პირველად მოისმინა მოსაზრება, რომ მთავრობა შეიძლება შეგნებულად ცდილობდეს კანდიდატის სტატუსზე უარის მიღებას, რათა შემდეგ ბრალი ბრიუსელს წაუყენოს, რომ ევროკავშირი სანდო არ არის და საქართველოს მიღებას არც არასოდეს აპირებდა. მოსაზრებას, რომელსაც აქამდე მხოლოდ საქართველოს ოპოზიცია აჟღერებდა, როგორც ჩანს, ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენელიც იზიარებს.

თავის სტატიაში, იოზვიაკი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე საქართველოს პერსპექტივებს განიხილავს, იმ ფონზე, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება დააანონსა, რასაც, როგორც იოზვიაკი წერს, „ბრიუსელი გაოგნებით შეხვდა“. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს ბრიუსელშიც და სხვაგანაც პატივს სცემენ და რომ მოგზაურობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, რათა საქართველოს მიმართ მხარდაჭერა გაიზარდოს, „სრულიად ნორმალური“, „მოსალოდნელი“ და „წახალისებულია“.

მაგრამ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებული ეს ბოლო დრამა ახალ კითხვებს აჩენს, აცხადებს იოზვიაკი. ევროკავშირის დიპლომატზე დაყრდნობით, იგი ამბობს, რომ „საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღები თამასა ისედაც ძალიან დაბალია და ამასაც კი შეიძლება ვერ შესწვდნენ“, რასაც მოყვება რიტორიკული კითხვა: „კიდევ რამდენ გოლს გაიტანენ საკუთარ კარში?!“

ახალი პოლიტიკური მღელვარება საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში წინ უძღვის 7-8 სექტემბერს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეპ ბორელის ვიზიტს საქართველოში.

მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით საქართველოს პერსპექტივები ბუნდოვანია, მუდმივად არსებობდა მინიშნებები, რომ ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას მაინც გასცემდა. თუმცა, ახლა საკითხავია, როგორ იმოქმედებს ბოლოდროინდელი პოლიტიკური დრამა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე.

ბრიუსელი თბილისისგან ვერ ხედავს პოლიტიკურ ნებას და ენთუზიაზმს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებად, რასაც პრობლემატურად მიიჩნევს. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონის მიღების მცდელობამ და რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების აღდგენამ, ასევე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა ნატოს გაფართოებას მოჰყვა, ბრიუსელში გაკვირვება გამოიწვია.

სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ ახლა ბევრ რამეს საქართველოში საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ვიზიტი გადაწყვეტს. იოზვიაკის აზრით, ზურაბიშვილის ინციდენტის შემდეგ, ბორელი აღარ აპირებს ლექციები ისმინოს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისგან, თუ „როგორ უსამართლოდ ექცევიან საქართველოს“. „ეს ბოლო მცდელობაა და კეთილგანწყობა თბილისის მიმართ თითქმის აღარ არსებობს“, – წერს იგი.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ მიუხედავად ამისა, ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლადაც არსებობს დამაჯერებელი არგუმენტები. ამასთან, არსებობს წუხილები, რომ მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ნება, რომ ევროკავშირი გაფართოვდეს და თავად ბლოკიც სერიოზულად განიხილავს, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს გაზრდილი კლუბი, შესაძლებლობების ეს ფანჯარა შეიძლება დაიხუროს მომავალ წელს, როდესაც ევროკავშირი გადაერთვება ევროპარლამენტის არჩევნებზე და კომისიისა და საბჭოს პრეზიდენტების შერჩევაზე. იოზვიაკი ასევე წერს, რომ კანდიდატის სტატუსს დიდი ფასი აღარც აქვს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ბოსნია-ჰერცეგოვინამ შარშან ეს სტატუსი ისე მიიღო, რომ საგრძნობი პროგრესი არ უჩვენებია. ასევე, ბრიუსელში არ სურთ, რომ საქართველო ძალიან ჩამორჩეს მოლდოვასა და უკრაინას, რომელთა პერსპექტივებიც უფრო ნათელია.

ავტორის თქმით, საქართველოს შეიძლება შესთავაზონ კანდიდატის სტატუსი დათქმებით – ანუ ქვეყანას გარკვეული პირობების შესრულება მოუწევს, რათა შემდეგ ეტაპზე – გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე გადავიდეს. ამ პირობებში შეიძლება შედიოდეს თავდაპირველი 12 რეკომენდაციის ნარჩენები. იოზვიაკი აღნიშნავს, რომ ყველა ეს პირობა ბუნდოვანია და მის შესრულებას ვერ გაზომავ. ეს ევროკავშირს მოქმედების თავისუფლებას აძლევს.

არ გამიკვირდება, თუ სხვა წევრი სახელმწიფოები დამატებით მოთხოვნებს წამოაყენებენ. მაგალითად, 2024 წლის შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარებას“, – წერს სტატიის ავტორი.

მისივე თქმით, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. იოზვიაკი ერთ ნიუანსსაც უსვამს ხაზს და დასძენს, რომ მას არ გაუკვირდება, რომ უნგრეთმა თბილისისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მოითხოვოს უკრაინისათვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებზე მწვანე შუქის ანთების სანაცვლოდ. ორბანისა და ქართული ოცნების ხელისუფლებებს შორის მჭიდრო კავშირების გათვალისწინებით, ამგვარი სცენარი არარეალისტურად არ გამოიყურება.