რელიგია
ილია მეორემ რუს ხალხს მიმართა რადიო "ეხო მოსკვის" ეთერით

ilia_meore3სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ რადიო „ეხო მოსკვის“ეთერით რუს ხალხს მიმართა.

„თქვენ მორწმუნე, კეთილი და ბრძენი ხალხი ხართ, გაქვთ დიდი ისტორია და კულტურა. საქართველოსა და რუსეთს შორის დაახლოება მართლმადიდებლობის ნიადაგზე მოხდა. არაბუნებრივია, რომ ერთმანეთზე მახვილი აღვმართეთ. ამიტომ ჩვენ უნდა მოვინანიოთ და შევუნდოთ ერთმანეთს. საქართველოში ბევრი რუსი იმყოფება. როდესაც ომი იყო, აქ, თბილისში, ჩემთან რუსები მოდიოდნენ და მეკითხებოდნენ: „იქნებ, წავიდეთ საქართველოდანო?“. მე მათ ვურჩევდი, არ წასულიყვნენ და ვეუბნებოდი, რომ ყველაფერი დამშვიდდება და დალაგდება. რუსეთში ქართველების დიდი რაოდენობა იმყოფება და ისინი თავს კარგად გრძნობენ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დეპორტაცია განხორციელდა. ესეც შეცდომა იყო, თუმცა ჩვენ ამას არ ვიხსენებთ. მსურს, მეგობრები და ძმები ვიყოთ. ჩვენ ვილოცებთ თქვენთვის“, – ბრძანა უწმიდესმა და უნეტარესმა.

 

საქინფორმი