აქტუალური
არჩილ თალაკვაძე: შეთანხმების გარეშე პრეზიდენტის მიერ ვიზიტის განხორციელება კონსტიტუციის დარღვევაა

 საქართველო, 7 სექტემბერი, საქინფორმი. პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ქვეყნისთვის უკეთესი იქნებოდა, პრეზიდენტი თავის საგარეო აქტივობებს კონსტიტუციის დაცვით ახორციელებდეს.

მისივე თქმით, კონსტიტუციური პრინციპის დარღვევას სამართლებრივი და პოლიტიკური რეაგირება სჭირდება.

იმპიჩმენტის პროცედურა წესების დაცვით წარიმართება. იმპიჩმენტს აქვს სამართლებრივი და პოლიტიკური მნიშვნელობა, რათა მომავალში ნებისმიერმა ხელისუფლებამ და ნებისმიერმა თანამდებობის პირმა თავისი საქმიანობა კონსტიტუციის შესაბამისად წარმართოს და მხოლოდ კონსტიტუციის დაცვით გააკეთოს ის, რისიც სჯერა და საჭიროდ მიაჩნია ქვეყნისთვის. რაც შეეხება საფრანგეთში პრეზიდენტის ვიზიტს, შეთანხმების გარეშე ვიზიტის განხორციელება კონსტიტუციის დარღვევას გულისხმობს, მით უმეტეს, თუ მოთხოვნაც არ ყოფილა საფრანგეთზე გაგზავნილი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 30 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოდან ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებდა. მოგვიანებით განცხადება გაავრცელა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, სადაც აღნიშნული იყო, რომ საქართველოს პრეზიდენტს რამდენიმე ქვეყანაში ვიზიტზე უარი ეთქვა. პირველ სექტემბერს კი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. კობახიძემ განმარტა, რომ სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო საზღვარგარეთის ქვეყნებში ვიზიტების სერია. სალომე ზურაბიშვილი დღეს საფრანგეთში იმყოფება, სადაც ის საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდა. ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილმა „ინსტაგრამზე“ გაავრცელა. მანამდე სალომე ზურაბიშვილი გერმანელ კოლეგას შეხვდა, ასევე ბრიუსელში შეხვედრა გამართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან.