უცხოეთი
ჯეიკ სალივანი - ვაშინგტონი მოუწოდებს ჩრდილოეთ კორეას, არ მიაწოდოს შეიარაღება რუსეთს, წინააღმდეგ შემთხვევაში ფხენიანს დიდი საფასურის გადახდა მოუწევს

 საქართველო, 7 სექტემბერი, საქინფორმი. ვაშინგტონი მოუწოდებს ჩრდილოეთ კორეას, არ მიაწოდოს შეიარაღება რუსეთს, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც თეთრ სახლში აცხადებენ, ამისთვის ფხენიანს დიდი საფასურის გადახდა მოუწევს. ეს განცხადება ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა გააკეთა.

მისივე თქმით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ელოდება რუსეთში შეიარაღების მიწოდების შესახებ მოლაპარაკებების უმაღლეს დონეზე გამართვას.

მანამდე „ნიუ იორკ თაიმსი“ წერდა, რომ კიმ ჩენ ინი აპირებს სექტემბერში რუსეთში ჩავიდეს და იარაღის საკითხი ვლადიმერ პუტინთან განიხილოს. გამოცემა იუწყება, რომ შეხვედრა, შესაძლოა, ვლადივასტოკში შედგეს, სადაც ჩრდილოეთ კორეის მმართველი მატარებლით აპირებს ჩასვლას. კრემლში ამ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

1tv.ge