საქართველო, 5 სექტემბერი, საქინფორმი. ჩვენ გვსურს და გვჭირდება, რომ საქართველო იყოს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში, – ამის შესახებ ეუთო-ში აშშ-ის ელჩმა, მაიკლ კარპენტერმა თბილისში, ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.
კარპენტერის თქმით, ეს, საქართველოს დემოკრატიულობის გაღრმავებასთან ერთად, აშშ-ის ეროვნულ ინტერესებშია.
„მაშინ, როდესაც ოქტომბერში ველოდებით ევროკომისიის ანგარიშს და წლის ბოლოს ევროკავშირის საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ, ეს პერიოდი გახლავთ შესაძლებლობების ფანჯარა. ეს არის დრო, როდესაც ბევრი იტყოდა, რომ მთავრობამ უნდა გააორმაგოს ძალისხმევა, რათა იპოვოს გზა, ეს ფანჯარა გამოყენებული იყოს. იმიტომ, რომ ასეთი რამ შემდეგ, შესაძლოა, რაღაც პერიოდის განმავლობაში აღარ გაიხსნას. ევროკავშირმა მკაფიოდ თქვა, რა არის ამისთვის საჭირო. არსებობს 12 პუნქტი. ესენია მედიაპლურალიზმი, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა, დეოლიგარქიზაცია. ეს არის კრიტიკული ნაბიჯები, რომელიც საქართველომ უნდა გადადგას. კითხვა ასე ისმის, თუ ეს არის შენი სტრატგიული მიმართულება, თუ შენ გსურს, ქვეყანა აქეთ წავიდეს, მაშინ მთავრობის ყველა რესურსი უნდა იყოს მობილიზებული ამის მისაღწევად. ჩვენ დავუჭერთ მხარს ამ ძალისხმევას, მაგრამ ეს თქვენი გასაკეთებელია. ქართველებმა დიდი საფასური გადაიხადეს 2008 წელს და ისინი იმსახურებენ ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციას, რადგანაც ისინი კულტურულად, ისტორიულად, პოლიტიკურად არიან ევროპელები. საქართველო ამას იმსახურებს, როგორც დემოკრატია, გარკვეული ტკივილებით, მაგრამ დემოკრატია. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მას, რომ ეს მოხდეს, მაგრამ მათ ასევე უნდა იმოქმედონ, რათა უზრუნველყონ, რომ ეს შესაძლებლობა არ დაიკარგოს“, – განაცხადა მაიკლ კარპენტერმა.