უცხოეთი
ვლადიმერ პუტინი - მზად ვართ, დაუყოვნებლივ დავუბრუნდეთ მარცვლეულის შეთანხმებას, როგორც კი ჩვენთვის მოცემული პირობა შესრულდება

 საქართველო, 5 სექტემბერი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მარცვლეულის ინიციატივის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისას დასავლეთმა რუსეთი მოატყუა.

მისი თქმით, რუსეთი მზად არის, დაუბრუნდეს შეთანხმებას, როგორც კი მოსკოვისთვის მიცემული პირობები შესრულდება.

"ჩვენ მესამედ გვთხოვეს გაგვეგრძელებინა მონაწილეობა მარცვლეულის შეთანხმებაში იმ პირობით, რომ ჩვენთვის მოცემული პირობა შესრულებული იქნება…როგორც ბევრჯერ ყოფილა, ისევ მოგვატყუეს, კვლავ არაფერი გააკეთეს. ჩვენ ვამბობთ, რომ არ ვართ წინააღმდეგნი ამ ინიციატივის, მზად ვართ დაუყოვნებლივ დავუბრუნდეთ მას, როგორც კი შესრულდება ჩვენთვის მოცემული პირობა", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ.

მისივე თქმით, თუ დღეს დასავლეთის ქვეყნები შეასრულებენ დანაპირებს, რუსეთი უკვე უახლოეს დღეებში სრული მოცულობით დაუბრუნდება შეთანხმებას და გააკეთებს ყველაფერს, რასაც მისგან მოითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ 18 ივლისს რუსეთმა ცალმხრივად შეწყვიტა მარცვლეულის შეთანხმება იმ მოტივით, რომ უკრაინული მარცვლეულის დიდი ნაწილი დასავლეთის ქვეყნებში გადიოდა და არა აფრიკის ქვეყნებში, რასაც შეთანხმება გულისხმობს.

interpressnews.ge