აქტუალური
ოლივერ ვარჰეი: ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით ოქტომბერში არსებით წინადადებებს წარვადგენთ

 საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით ოქტომბერში არსებით წინადადებებს წარვადგენთ, – ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი EURACTIV-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის გაფართოება 2030 წლისთვის შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატები და თავად ბლოკი ძალისხმევას გააორმაგებენ.

ყოველთვის არსებობდა კითხვა, გვინდა თუ არა ამის გაკეთება? ევროსაბჭოსგან პირველად მესმის, რომ მათ ამის გაკეთება სურთ, ეს მისასალმებელია“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

ევროკომისარმა შარლ მიშელის განცხადებასთნ დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ აღნიშნა, რომ „ყველაფერი შესაძლებელია, რისი გაკეთებაც ევროკავშირს სურს“, მაგრამ ხაზგასმით განაცხადა, რომ კონკრეტული ვადების დაჟინებით მოთხოვნა არ უნდა მოხდეს.

არა მგონია, ეს თარიღების საკითხი იყოს. ეს არის (პოლიტიკური) ნების და შესრულების საკითხი. შესრულება ევროკავშირის მხრიდან, მაგრამ ასევე შესრულება ჩვენი პარტნიორი ქვეყნების, დასავლეთ ბალკანეთის ან სხვა სამი კანდიდატი ქვეყნის (უკრაინა, მოლდოვა და საქართველო) მხრიდან. რა თქმა უნდა, 2030 წელს შესაძლებელია, მაგრამ ეს რომ მოხდეს, ნიშნავს, რომ ჩვენ ყველამ, ევროკავშირის ყველა ინსტიტუტმა, ყველა წევრმა და ყველა კანდიდატმა ქვეყანამ უნდა გავაორმაგოთ ძალისხმევა იქამდე მისასვლელად. მზად ვართ, გამოვიდეთ თამამი წინადადებებითა და ახალი იდეებით“, – აღნიშნა ოლივერ ვარჰეიმ.

როგორც ვარჰეიმ აღნიშნა, ეს გეგმა დააჩქარებს ამ ქვეყნების არა მხოლოდ ინსტიტუციურ, არამედ რეალურ ინტეგრაციას ევროკავშირში.

ის მოიცავს ყველაფერს, დაწყებული რეფორმებიდან კანონის უზენაესობის, დემოკრატიის, ეკონომიკური რეფორმებისა და ინტეგრაციის სფეროში, საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას, დამთავრებული ფინანსური მხარდაჭერით, რაც ასევე მნიშვნელოვანია, რათა აღმოიფხვრას განვითარებაში ხარვეზები, ვიდრე ეს ქვეყნები ევროკავშირის წევრები გახდებიან“, – აღნიშნა ოლივერ ვარჰეიმ.

ვარჰეის თქმით, კანდიდატი ქვეყნებისადმი მიდგომა უფრო მოქნილი და ფოკუსირებული იქნება „პოლიტიკის სფეროებზე, სადაც შეგვიძლია წინსვლა“ თითოეული ქვეყნის ძალისხმევის გათვალისწინებით.