უცხოეთი
ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ უსაფრთხოების სფეროში სომხეთის მხოლოდ რუსეთზე დამოკიდებულება სტრატეგიული შეცდომა იყო

 საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ უსაფრთხოების სფეროში სომხეთის მხოლოდ რუსეთზე დამოკიდებულება სტრატეგიული შეცდომა იყო. სომხური მედიის ცნობით, ეს განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა იტალიურ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა.

მისივე თქმით, ქვეყანა ცდილობს, უსაფრთხოების სფეროში პოლიტიკის დივერსიფიცირება მოახდინოს.

„სომხეთის უსაფრთხოების არქიტექტურა 99,99 პროცენტით დაკავშირებული იყო რუსეთთან, მათ შორის იარაღისა და საბრძოლო მასალის შესყიდვის კუთხით, მაგრამ დღეს, როდესაც რუსეთს თავად სჭირდება შეიარაღება და საბრძოლო მასალა, გასაგებია, რომ რუსეთს რომც მოუნდეს, მაინც ვერ დააკმაყოფილებს სომხეთის საჭიროებებს უსაფრთხოების სფეროში. ამ მაგალითმა უნდა გვაჩვენოს, რომ უსაფრთხოების სფეროში მხოლოდ ერთ ცენტრზე დამოკიდებულება თავისთავად იყო სტრატეგიული შეცდომა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენ პოსტფაქტუმ შევიგრძენით ამ შეცდომის ნაყოფი, ჩვენ გვაქვს მცდელობები, მოვახდინოთ უსაფრთხოების სფეროში ჩვენი პოლიტიკის დივერსიფიცირება“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მისივე თქმით, რუსი პარტნიორები სომხურ მხარეს ეუბნებიან, რომ დასავლეთის ქვეყნები მუშაობენ სომხეთთან და უბიძგებენ, რომ სომხეთის მთავრობამ მიიღოს ზომები რუსეთის რეგიონიდან გასაძევებლად.

„მაგრამ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რუს პარტნიორებთან, ხანდახან ჩვენ ვახმიანებთ ჩვენს მოსაზრებას და შეფასებას, რომ ყველაფერი პირიქით ხდება და ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი თავად მიდის რეგიონიდან, იმ ნაბიჯების გათვალისწინებით, რასაც რუსეთი დგამს ან არ დგამს. რა მიზეზით ხდება ეს, ჩვენ არ ვიცით. მე შემიძლია, კომენტარი გავაკეთო, მაგრამ მტკიცებით ვერ ვიტყვი“, – განაცხადა ფაშინიანმა.

1tv.ge