საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძე: „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ნებისმიერი განსხვავებულად მოაზროვნე კატეგორიულად მიუღებელია

 საქართველო, 1 სექტემბერი, საქინფორმი. „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ნებისმიერი განსხვავებულად მოაზროვნე კატეგორიულად მიუღებელია და მოწინააღმდეგედ განიხილება. ამ პარტიაში ორი პოლიტიკური დაჯგუფების ერთად მუშაობა შეუძლებელია, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძეს კითხვა დაუსვეს იმასთან დაკავშირებით, რომ ნიკა მელიას ფრთის წარმომადგენლები პარტიის დატოვებას განაგრძობენ.

„ეს არ იქნება უკანასკნელი, თუ „ნაციონალურ მოძრაობაში“ შემორჩა ისეთი, ვინც შეიძლება, ამჟამინდელი მმართველობის მიერ ერთგულ ჯარისკაცად არ განიხილებოდეს. „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის იყო და არის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომლისთვისაც ნებისმიერი განსხვავებულად მოაზროვნე კატეგორიულად მიუღებელია და მოწინააღმდეგედ განიხილება. ასეთი დამოკიდებულება „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მუდმივად დამახასიათებელი იყო. ისინი ამ პრინციპით მოქმედებდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც და ახლაც, როცა ხელისუფლებაში არ იმყოფებიან და შიდა პარტიულ საქმეებს განაგებენ. ეს „ნაციონალური მოძრაობის“ დამახასიათებელი თვისება გახდა და ამგვარად ოპერირებენ, როდესაც განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებების მქონენი განიხილებიან, როგორც მტრები და მიუღებელი პირები. ამ პარტიაში ორი პოლიტიკური დაჯგუფების ერთად მუშაობა შეუძლებელია. ფორმალურად, დღემდე იქ ხალხი პოლიტიკური პარტიის წევრობას მხოლოდ იმიტომ ინარჩუნებს, რომ დანგრეული პოლიტიკური პარტიიდან რაც შეიძლება მეტი ნანგრევი წაიღონ და სათავისოდ გამოიყენონ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.