საზოგადოება
მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 ოქტომბერს მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება, ღვაწლმოსილ პედაგოგებს კი 10 000 ლარის ოდენობის ყოველწლიური პრემია გადაეცემათ

 საქართველო, 31 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 ოქტომბერს მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაშია აღნიშნული, ახალი ინიციატივის თანახმად, საზოგადოებაში პედაგოგების როლის ხაზგასმის, მათი დაფასებისა და მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობის ასამაღლებლად ყოველი წლის 27 ოქტომბერს ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება მასწავლებლის ეროვნული დღე.

აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ყოველწლიურად, საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ღვაწლმოსილ პედაგოგებს გადაეცემათ მასწავლებლის ეროვნული პრემია, სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.