საზოგადოება
რომან გოცირიძე და ხატია დეკანოიძე გამოდიან ინიციატივით, რუსეთის მოქალაქეებზე საქართველოში საინვესტიციო და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვების გაცემა 2024 წლის ბოლომდე შეჩერდეს

 საქართველო, 30 აგვისტო, საქინფორმი. ოპოზიციონერი დეპუტატები რომან გოცირიძე და ხატია დეკანოიძე საკანონმდებლო ინიციატივით გამოდიან, რუსეთის მოქალაქეებზე საქართველოში საინვესტიციო და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვების გაცემა დროებით, 2024 წლის ბოლომდე შეჩერდეს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გოცირიძემ განაცხადა, შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უკვე დაარეგისტრირა.

გოცირიძის განმარტებით, ქართული კანონმდებლობა უცხოეთის მოქალაქეს ბინადრობის ნებართვას ანიჭებს 300 000 აშშ დოლარზე მეტი საბაზრო ღირებულების მქონე უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენის ან არანაკლებ ამავე ოდენობის თანხის ქვეყანაში ინვესტიციის განხორციელების სანაცვლოდ.

მისი თქმით, ბინადრობის ნებართვის მინიჭება ხდება 100 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ოდენობაზე მეტი საბაზრო ღირებულების მქონე უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენის გზითაც.

საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა უცხოეთის მოქალაქის მიმართ გაიცემა ხუთი წლის ვადით, ხოლო მოკლევადიანი – ერთი წლის ვადით. ორივე სახის ბინადრობის ნებართვა გულისხმობს საქართველოში მხოლოდ დროებითი ცხოვრების უფლებას, განსხვავებით უვადო ბინადრობისა და მუდმივი ცხოვრების ნებართვებისაგან.

თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ უცხოეთის მოქალაქე 300 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტზე მეტი საბაზრო ღირებულების მქონე უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის საფუძველზე მიიღებს საინვესტიციო ბინადრობის ნებართვას, აღნიშნული ნებართვის მინიჭებიდან ხუთი წლის შემდგომ, კანონის თანახმად, ის მიიღებს უვადო ბინადრობის ნებართვას, თუ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ის იყო აღნიშნული ქონების მეპატრონე. უვადო ბინადრობის ნებართვას მიიღებენ მისი ოჯახის წევრებიც.

საქართველოში არსებული რთული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ბოლო პერიოდში მასიურად შეინიშნება საქართველოს მოქალაქეთა გადინება ქვეყნიდან, ხოლო ამის საპასუხოდ, ქვეყანაში დიდი ოდენობით შემოდიან რუსეთის მოქალაქეები, რომელთა უმრავლესობას საკმაოდ დიდი ფინანსური შესაძლებლობები გააჩნია.

2022 წლიდან 2023 წლის ივნისის ჩათვლით მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში შეიძინეს 10 000-მდე ბინა, რაც საქართველოში მათი ხანგრძლივი ვადით დამკვიდრების მაჩვენებელია. ისინი აფუძნებენ საწარმოებს და, გარდა ბინებისა, იძენენ სხვა სახის უძრავ ქონებასაც, რაც შემდგომში ხდება ბინადრობის ნებართვის მიღების სამართლებრივი საფუძველი. ამის პარალელურად, მნიშვნელოვნად გაზრდილია უძრავი ქონების ფასიც, რის გამოც საქართველოს მოქალაქეებისთვის გართულებულია ბინის როგორც ყიდვა, ასევე მისი ქირავნობაც“, – განაცხადა გოცირიძემ.