პოლიტიკა
რუსეთი ყველაფერს აკეთებს რათა ჩინეთმა და ინდოეთმა აფხაზეთი და „სამხრეთი ოსეთი“ აღიარონ - კარასინი

 საქართველო, 30 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთი აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ სხვა ქვეყნებმა, მათ შორის ჩინეთმა და ინდოეთმა, „სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებისკენ წაიწიონ“ განაცხადა ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა.

კარასინი ოკუპირებულ ცხინვალში იმყოფებოდა რუსეთის მიერ "სამხრეთ ოსეთის" აღიარების 15 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობისათვის. დელეგაციაში შედიოდნენ ფედერაციის საბჭოს წევრები სერგეი ცეკოვი, კრიმ კაზანოკოვი და ოლგა კოვიტიდი. ისინი დე ფაქტო პრეზიდენტს ალან გაგლოევს და ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარეს ალან ალბოროვს შეხვდნენ.

კარასინის თქმით რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის გასული წლების განმავლობაში ჭეშმარიტად ძმური ურთიერთობები ჩამოყალიბდა, რომლებიც აქტიურად ვითარდება ყველა სფეროში მოკავშირეობისა და ინტეგრაციის პრინციპების საფუძველზე“.

რუსეთი უწევდა და გააგრძელებს სამხრეთ ოსეთის ყოველმხრივ მხარდაჭერას სახელმწიფოს მშენებლობაში, უსაფრთხოებაში, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში,” - თქვა მან.

ჩინეთი და ინდოეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებენ. ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. რომელშიც მხარეები ადასტურებენ ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას.

საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა რუსეთმა და იმავე წლის სექტემბერში - ნიკარაგუამ. 2009 წელს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარეს ვენესუელამ და ნაურუმ და 2018 წელს - სირიამ. საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა ჯერ აღიარეს, შემდეგ კი გააუქმეს ვანუატუმ და ტუვალუმ.

წყარო: რადიო თავისუფლება