აქტუალური
ქართველმა მეზღვაურებმა ატლანტის ოკეანეში 10 მიგრანტი გადაარჩინეს

 საქართველო, 29 აგვისტო, საქინფორმი. ქართველმა მეზღვაურებმა კაპიტან ალექსანდრე სურმანიძის მეთაურობით ატლანტის ოკეანეში ათი მიგრანტის სიცოცხლე იხსნეს, რომლებიც მაროკოდან ესპანეთამდე ჩაღწევას ცდილობდნენ, იუწყება საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.

კაპიტნის უფროსმა თანაშემწემ თენგიზ დიასამიძემ ატლანტის ოკეანეში გიბრალტარის სრუტიდან 100 მილის (დაახლოებით 160 კმ) დაშორებით მოდრეიფე ნავზე ადამიანები შენიშნა.

მიგრანტები მაროკოდან ესპანეთში ცდილობდნენ მოხვედრას, მაგრამ ამინდი გაფუჭდა, დინებამ ისინი სხვა მხარეს გაიტაცა და 9 დღის განმავლობაში შუა ოკეანეში საკვებისა და წყლის გარეშე იმყოფებოდნენ.

ქართველი მეზღვაურების მიერ მიგრანტების აღმოჩენის შემდეგ ისინი ესპანეთის სასაზღვრო პოლიციამ წაიყვანა.

კაპიტან ალექსანდრე სურმანიძესთან ერთად ეკიპაჟის შემადგენლობაში იყვნენ: თენგიზ დიასამიძე, გერასიმ სურმანიძე, საბა ბერიძე, უჩა ჭინკაძე, ირაკლი ასამბაძე, ირაკლი კონცელიძე, გიორგი ომერაძე, გიორგი გოგიტიძე, აჩი ჭინკაძე, აჩი ზაქარაძე, მამუკა ტოღონიძე, მირზა სურმანიძე და ლაშა მენაღარიშვილი.