საზოგადოება
ირაკლი ქადაგიშვილი: მედვედევი და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს კვებავს

 საქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. ნუ გიხარიათ მედვედევის განცხადებები. მედვედევის განცხადებები არ განსაზღვრავს საქართველოს ხელისუფლების კურსს, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მედვედევი და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს კვებავს, მედვედევის განცხადებაა მათი დღის წესრიგი.

„რუსეთის წარმომადგენლის მთავარი მიზანი რა არის? არა ის, რომ ხელისუფლება შეაქოს, არამედ ის, რომ ქვეყანაში არ მოხდეს ვითარების სტაბილიზაცია. ამიტომ, მისი განცხადებები, ყოველთვის ხდება ჩვენი რადიკალური ოპოზიციის მაშველი რგოლი, რათა საკუთარი პროპაგანდა გააჩაღონ. ეს მიზანი გააჩნია მედვედევის ამ კონკრეტულ განცხადებასაც.

რეალობაა ის, რომ დღევანდელი ხელისუფლება ის ხელისუფლებაა, რომელიც, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებისგან განსხვავებით, არ ეხვეწებოდა პუტინს შეხვედრას, საზღვარზე მოსვლას არავის ეხვეწებოდა, არ გადაუცია რუსეთისთვის არცერთი მცირედი ობიექტი. დღევანდელმა ხელისუფლებამ მოახერხა ის, რომ რუსეთთან ომი არ დაუშვა, მათთან სახვეწარი არ გვაქვს და ასეთი განცხადებებით, საქართველოში ვითარების არევას ვერ ახერხებენ. რა თქმა უნდა, ხანმოკლე პერიოდით, რადიკალურ ოპოზიციას, მათი ნარატივი რაც არის რუსული ოცნება, ამის საკვებად ასეთ პროპაგანდისტულ საკვებს აძლევს მედვედევი.

მედვედევი და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს კვებავს, საქართველო და მისი ხელისუფლება თავისი გზით აგრძელებს განვითარებას.

ნუ გიხარიათ მედვედევის განცხადებები. მედვედევის განცხადებები არ განსაზღვრავს საქართველოს ხელისუფლების კურსს. საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს პრაგმატულად, ქვეყნის მიზნებიდან გამომდინარე. ჩვენი პოლიტიკა, მათ შორის, ერთიანობის აღდგენასთან დაკავშირებით გადის მხოლოდ მშვიდობიან და განვითარების გზაზე. ეს განვითარების გზა, საქართველოსთან აფხაზეთის და ცხინვალის რეინტეგრაციის საბოლოო საწინდარი იქნება. რა განცხადებაც არ უნდა გააკეთოს მედვედევმა, საქართველო არის განვითარების გზაზე და არა ომის და გაჩანაგების გზაზე. საქართველო დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებს და არ ექვემდებარება პირველყოვლისა მედვედევის კარნახს. კარგად გააანალიზეთ რა იმოქმედა მედვედევმა და ძველმა ხელისუფლებამ და რას აკეთებს დღევანდელი. მედვედევის განცხადებები ხდება ოპოზიციის მაცოცხლებელი, მორიგი იდეოლოგიური სპეკულაციის საშუალებაა. მეტი რა კავშირი გინდათ, როდესაც მედვედევის განცხადებაა მათი დღის წესრიგი. საქართველოს დღის წესრიგი აბსოლუტურად სხვაა“,- აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება პრაგმატიზმით გამოირჩევა. როგორც მან RT-სთან ინტერვიუში განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტი ფრანგია, რომელიც კატეგორიულად გამოდის ქვეყნის ეკონომიკის განვითარების წინააღმდეგ.