საზოგადოება
საქართველოს რკინიგზაზე სატვირთო გადაზიდვების მოცულობა შემცირდა - ახალი მონაცემები

 საქართველო, 23 აგვისტო, საქინფორმი. მიმდინარე წლის II კვარტალში საქართველოს რკინიგზით გადატანილია 3,5 მლნ ტონა ტვირთი, რაც 8,2%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული მოცულობის 10,7% მოდის ადგილობრივ გადაზიდვებზე, 31,2% – საერთაშორისო გადაზიდვებზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 58,1% – ტრანზიტზე.

მეორე კვარტალში საერთაშორისო გადაზიდვის რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის მოცულობის 29,2% ქვეყნიდან გატანილ ტვირთზე მოდის, ხოლო 70,8% – ქვეყანაში შემოტანილ ტვირთზე.

გარდა ამისა, რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 53,2% გამოგზავნილია რუსეთიდან, 26,7% – აზერბაიჯანიდან, 3,3% – თურქმენეთიდან, 2,6% – რუმინეთიდან, 2,3% – თურქეთიდან, 1% – ჩინეთიდან, 1% – ბელარუსიდან, 0,5% – ყაზახეთიდან.

ტვირთების ყველაზე დიდი მოცულობა გატანილია ყაზახეთში (20%), სომხეთში (11,5%), რუსეთში (8,5%) და აზერბაიჯანში (4,3%).

„საქსტატის“ მონაცემებით, ტრანზიტული ტვირთის მთლიანი მოცულობის 11,3% გადაზიდულია თურქეთში, 7,7% – ნიდერლანდში, 6-6% – იტალიასა და ჩინეთში.

აღნიშნულ პერიოდში ტრანზიტული ტვირთების 8,9%-ის გამომგზავნი ქვეყანა ბრაზილიაა, 3,5%-ის – ჩინეთი, 2,1% – თურქეთი, 1,7%-ის – აშშ.

საანგარიშო პერიოდში რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 29,6% მოდის ქვანახშირის, ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების და ბუნებრივი აირის სასაქონლო ჯგუფზე, 23,6% – ლითონის მადანსა და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეულზე, ხოლო 14,1% – საკვები პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე.

სასაქონლო ჯგუფების მიხედვით განსხვავებულია განაწილება ადგილობრივი გადაზიდვების შემთხვევაში, სადაც 57,2% ლითონის მადანსა და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეულზე მოდის, 15,9% – სხვა არამეტალურ მინერალურ პროდუქტებზე, ხოლო 12,2% – ქვანახშირის, ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების და ბუნებრივი აირის სასაქონლო ჯგუფზე.

რაც შეეხება საერთაშორისო გადაზიდვებს, რკინიგზის საშუალებით ძირითადად შემოტანილია ქვანახშირი, ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები და ბუნებრივი აირი (42,8%), სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტები (24,9%) და კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (9,1%).

ამავე დროს ექსპორტზე გატანილია ლითონის მადანი და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეული (54,4%), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (22,8%), სხვადასხვა დასახელების ლითონის ნაწარმი (8,7%) და სოფლის მეურნეობის პროდუქტები (5,7%).

აქტივების გაუფასურებისა და ლარის დევალვაციის გამო 2016 წლის შემდეგ „საქართველოს რკინიგზა“ ზარალზე მუშაობდა. 2021 წელს, მიუხედავად პანდემიისა და სხვა გამოწვევებისა, კომპანიის ხელმძღვანელობამ შეძლო ნეგატიური ტენდენციის გარდატეხა და წელიწადის მოგებით დასრულება.

სახელმწიფო კომპანია სს „საქართველოს რკინიგზამ" 2022 წელი რეკორდული მოგებით – 396,7 მლნ ლარით დაასრულა, ხოლო წმინდა ფინანსურმა შემოსავალმა 178,9 მლნ ლარი შეადგინა.

წმინდა ფინანსური შემოსავალი ძირითადად გაიზარდა 2021 წლის ევროობლიგაციების რეფინანსირების შედეგად საპროცენტო ხარჯების შემცირების, ასევე აშშ დოლარის მიმართ ლარის გამყარების გამო.

კომპანიის საოპერაციო შემოსავალი 23%-ით გაიზარდა და 674,8 მლნ ლარი შეადგინა. დადებითი მაჩვენებლები განპირობებულია გადაზიდვების რეკორდული და მგზავრთნაკადის მნიშვნელოვანი ზრდით.

2022 წელს ტვირთების გადაზიდვებიდან შემოსავალმა 388,4 მლნ ლარი შეადგინა. 77%-ით გაიზარდა შემოსავალი ლოჯისტიკური მომსახურებიდან, რამაც კომპანიას 123,1 მლნ ლარი მოუტანა. 2022 წელს მგზავრთა გადაზიდვებიდან შემოსავალი, 2021 წელთან შედარებით, თითქმის გაორმაგდა და 27,4 მლნ ლარი შეადგინა.

კომპანია აგრძელებს ლიკვიდურობის გაუმჯობესებას. 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ორგანიზაციის ბალანსზე არსებული თავისუფალი ფულადი სახსრების მოცულობამ 274,6 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ ფულადი სახსრების ბალანსს 62,4 მლნ ლარით აღემატება.

სახელმწიფო კომპანია „საქართველოს რკინიგზა" როგორც სარკინიგზო ხაზების, ისე ყველა სარკინიგზო შემადგენლობის მფლობელია. ის თავად ადგენს ტარიფებს მგზავრებისა და ტვირთების გადაზიდვაზე.

„საქართველოს რკინიგზა" „აღმოსავლეთი–დასავლეთის" სატრანსპორტო დერეფნის შემადგენელი ნაწილია. საქართველოს სარკინიგზო გზების საერთო სიგრძე 1.324 კილომეტრს შეადგენს. სისტემაში შედის 45 გვირაბი და 1.714 ხიდი, ასევე ბორნით გადაზიდვა.